“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დღეიდან ამოქმედდება – იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 60 დღის ვადაში “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა” რეესტრი უნდა შექმნან. შემდეგ უკვე სპეციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია სავალდებულო ხდება იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც შემოსავლის 20-%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. თუ ასეთი ორგანიზაციები ერთი თვის ვადაში ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებიან, მათ იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმებს და თავად დაარეგისტრირებს.
“მიუხედავად ასეთი დიდი უსამართლო ზეწოლისა, უცხოეთიდან იქნებოდა ეს თუ ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ქართულმა საზოგადოებამ და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ შეძლო, რომ დანარჩენ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცა ეროვნულობა, სიმტკიცე და თქვა, რომ ის შედგა როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა.
სამოქალაქო სექტორი ამბობს, რომ მას არ სურს კანონს დაემორჩილოს და ის არ იქნება გამჭვირვალე, ანუ დახარჯავს შავ ფულს. ეს არის ზუსტად იმის მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოეთიდან შავი ფული ბევრი იხარჯება, რაც ახლა ვეღარ მოხდება”, – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი