რამდენიმე თვის წინ, მთელი საქართველო შეძრა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მოსწავლის, 13 წლის ნინი ხავთასის მოულოდნელმა ავადმყოფობამ. გოგონა ტვინის მწვავე ვირუსული ენცეფალიტით თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ღიად ითქვა, რომ სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, დიაგვიანებულიც კი იყო ყველაფერი… მკურნალობა კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული.
ნინის გადასარჩენად ძალიან ბევრი ადამიანი დაირაზმა, განსაკუთრებით მშობლიურ გურიაში. და… ნინიმ უკვე თვალი გაახილა, ნაბიჯი გადადგა, წამოდგა და ისევ ისე შესცინა სამყაროს, როგორც ჩვეოდა. ეს ღიმილი გადარჩენილი სიცოცხლის ხმურია, რომელიც ამ პატარა ვიდეოში ჩანს და რასაც ასე განსაკუთრებით ელოდნენ ჭანიეთში, ყველგან, სადაც ნინის ამბავი გაიგეს…
სიხარულის ცრემლების ზეიმია პატარა, ტრადიციულ, დიდი ისტორიის სოფელში. ნინი ახლა ბათუმში დაბრუნდა და რებილიტაციის კურსს გადის. ეს ხანგრძლივი იქნება, თუმცა ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ნინის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება!
„რა მარტივია ერთ სიტყვაში – “არაფერი” –ს ჩატევა! როცა გეკითხებიან, თუ რა ხდებოდა ამ დროის განმავლობაში შენს ცხოვრებაში…
და როცა ქარიშხალი ჩადგება, ვერ გაიხსენებ, როგორ გადარჩი.
იმასაც კი ვერ დაიჯერებ, რომ ქარიშნალი ჩადგა…
მაგრამ ჩვენ ხომ მეორედ დავიბადეთ!
არ დავნებდებით….
ნინი ძლიერი გოგოა…
ბოლომდე გავალთ ამ გზას და ისევ ისეთი დავბრუნდებით, მჯერა ამის….
როცა ადამიანს რწმენა აქვს, ის აუცილებლად გადარჩება ამ საქმეში უფლის ხელი ურევია!
ნინი დღე და ღამე იბრძვის, ვარჯიშობს, სხვადასხვა ექიმთან დაუღალავად დადის, თავიდან ვსწავლობთ ბევრ რამეს, ასევე ვიხსენებთ ყოველ ბედნიერ დღეს წარსულიდან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შრომა ფუჭად არ ჩაივლის.
მოკითხვები და სიყვარული ყველას! “-წერს სოციალურ ქსელში ნინის მამიდა, მარიკა ხავთასი, ვინც ლომის წვლილი შეიტანა მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში.
ავტორი