ქალაქ ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“, საქართველო-ჩეხეთის ნაკრების საგულშემატკივროდ ასობით ადამიანი შეიკრიბა. პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, რამდენიმე მოზარდი მინდორზე დაყრილი ნარჩენების დასუფთავებას შეუდგა და ეს ფაქტი გიორგი მიქაუტაძის გოლზე არანაკლებ სასიხარულოა.
ერთ-ერთი მათგანი _ ცოტნე დავლიანიძე თბილისელია და ახლა ოზურგეთში ისვენებს.
“დისკომფორტს მიქმნის და აქედან გამომდინარე, ნარჩენების შეგროვება დავიწყე. თან, ისტორიული დღეა და უფრო მეტი პასუხისმგებლობით დავიწყე დასუფთავება“, _ გვითხრა ცოტნემ.
ცოტნე 12 წლისაა და მეშვიდე კლასის მოსწავლეა. მისივე თქმით, თბილისში, მეგობრებთან ერთად, არაერთხელ მიუღია მონაწილეობა გარემოს დასუფთავების აქციებში.
„ხშირად ვკვებავთ მიუსაფარ ცხოველებს; ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველია და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, _ ამბობს ცოტნე.
ცხადია, ცოტნემ თავისი აზრი გაგვიზიარა საქართველოს ნაკრებზეც, რომელიც პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე: “ისტორიული თამაშების მომსწრე ვართ და ეს ძალიან მიხარია. საქართველოს ნაკრებზე ვიტყოდი, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელები გვყავს და ყველაფერს აკეთებენ გამარჯვებისთვის!“
ავტორი