პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.
თამაშის შესახებ კი იძახის, რომ საქართველოსთან იოლი მატჩი არ ელოდებათ.
“ჯგუფში ჩვენი მიზანი პლეი ოფის საგზურის მაქსიმალურად სწრაფად მოპოვება იყო და პირველი ადგილის დაკავება ძალიან კარგია, რადგან ის მეტ დროს მოგვცემს შემდგომი მატჩებისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. რაც შეეხება საქართველოსთან თამაშს, ისიც უნდა მოვიგოთ, რათა ჯგუფში გამოსვლა მაქსიმალური შედეგით დავასრულოთ.
საქართველოს ნაკრებთან იოლი თამაში ნამდვილად არ გველის. ჩვენი ყველა მოთამაშე მზადაა და მოვიდა დრო, შანსი სხვებსაც მივცეთ და შემადგენლობაში კონკურენცია გავზარდოთ. დიახ, როტაცია იქნება. გვყავს ბევრი მოთამაშე, რომლებიც იმსახურებენ თერთმეტეულში მოხვედრას, მაგრამ ეს არ იქნება რევოლუცია – არ მიყვარს ეს სიტყვა.
ნაკრების ყველა მოთამაშეს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ფეხბურთელი რომელიღაც დღეებში მოედანზეა საჭირო, რომელიღაც დღეებში – მის გარეთ”, – განაცხადა მარტინესმა.