ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დაქვემდებარებაში მყოფი 43 საბავშვო ბაღი რვაასზე მეტ თანამშრომელს და 2700-მდე აღსაზრდელს ემსახურება. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 1648 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებდა, სადაც 154 501 აღსაზრდელი ირიცხებოდა.
სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის დეფიციტი, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, კვების ბლოკების და სანიტარული კვანძების გაუმართავობა, პერსონალის დაბალი ხელფასები და სხვა არაერთი პრობლემა _ ასეთი იყო ამ პერიოდისთვის რეალური ვითარება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გახორციელებული კვლევის თანახმად, მხოლოდ ერთ _ ქვემო ქართლის რეგიონში 5 ათასზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღების მიღმა იყო დარჩენილი! მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღების უფლება, ხოლო, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ (მე-4 მუხლი), საქართველოში ამ შესაძლებლობას ათასობით ბავშვია მოკლებული განსაკუთრებით, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. ამავე კვლევის მიხედვით, მაგალითად, დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდში იყო, უმცირესობით დასახლებულ სოფლებში კი _ არც ერთი! ბოლნისის 48 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ხუთშია, უმცირესობით დასახლებულ სოფლებში _ არც ერთი! წალკაში, 43 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ექვსშია, უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში _ ერთი!
2022 წლის 28 ნოემბერს, მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სწორედ ამ პრობლემების შესახებ ისაუბრა და წარმოუდგენელი მასშტაბის პროგრამის დაწყება დააანონსა: „საბავშვო ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით. ბატონმა ირაკლიმ (ამ ირაკლიში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იგულისხმება. რედ.) ჩემი დავალებით დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა–რეაბილიტაციას. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობა–რეაბილიტაციის პროგრამა. ეს განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს ჩვენ დავიწყებთ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან. ამ პროგრამის დასაფინანსებლად მიემართება 100 მილიონი ლარი. სულ ჯამში დაგვიჯდება 1.3 მილიარდი ლარი, სრულად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით“, _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერს იმავე დღეს გამოეხმაურა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და აღნიშნა: “სამუშაოები უკვე 2023 წელს დაიწყება, რისთვისაც 100 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია. ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის”.
თუმცა, საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობის, რეაბილიტირების ტემპი სულაც არაა სახარბიელო _ პროგრამის დაანონსების თითქმის წლისთავზე, 2023 წლის 11 ოქტომბერს, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვითარება ამგვარი იყო: “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსასა და სოფელ ხაჯალიაში, 100 ბავშვზე გათვლილი, 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა. ახალი ბაღების მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა 8,8 მილიონი ლარით დააფინანსა. პროექტების განხორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.
ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 20 საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს. პროგრამის ჯამური ღირებულება 79,5 მილიონი ლარია. პროგრამის დასრულების შემდეგ ჯამში 2275 ბავშვი ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით“.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2024 წლისთვის, ხელისუფლების დაპირებით, 885 საბავშვო ბაღის შენობა უნდა იყოს სტანდარტების შესაბამისობაში.
ასევე ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც 2024 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა (იხილეთ ლინკი:http://mdf.gov.ge/?site-lang=ka&site-path=news/&id=5501), უკვე კონკრეტულად გურიის მუნიციპალიტეტებში გასახორციელებელი პროექტების შესახებ გავიგეთ, თუმცა, მომავალ დროში: “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გურიის რეგიონში ბაღების მშენელობა–რეაბილიტაცის პროგრამას ახორციელებს. ფონდი, ჯამში, გურიის რეგიონში 26 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ბიუჯეტი 44.2 მილიონი ლარია. ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობაც. ბაღების შენობა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პროექტების განხორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან. გარდა ამ ბაღებისა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაასრულა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსასა და სოფელ ხაჯალიაში, 100 ბავშვზე გათვლილი, 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ახალი ბაღების მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა 8,8 მილიონი ლარით დააფინანსა“.
როგორც ხედავთ, ტექსტი უცვლელია და დასრულებული სამუშაოც ისევ სუფსისა და ხაჯალიის 2 საბავშვო ბაღს მოიცავს, რომლის მშენებლობისთვის დახარჯული 8,8 მილიონი ლარი აზიის განვითარების ბანკმა მისცა მთავრობას.
სკოლამდელი აღზრდის სფეროში არსებული პრობლემები მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომაზე ხშირად ისმის; მათ შორის, ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის, კვების და სანიტარული ბლოკების მოწესრიგების, სახურავების შეკეთების აუცილებლობის შესახებ. ხელფასების მცირე ტემპით ზრდა, რომელიც ვერაფრით შეედრება თვითმმართველობების თანამდებობის პირების სარგოების ზრდის ჩქაროსნულ ტემპს, შენობების რემონტები და სამზარეულოებში ინვენტარის განახლება, ცხადია, საკმარისი არ არის.
ამასობაში, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურაზე კერძო ფონდები ან საერთაშორისო ორგანიზაციები ზრუნავენ. მაგალითად, ოზურგეთში, დაბა ურეკში ახალი საბავშვო ბაღის შენობა ფონდმა “ქართუ“ დააფინანსა.
დღეს კი ნაგომრის საბავშვო ბაღის შესახებ გიამბობთ, რომელიც იაპონიის საელჩოს საჩუქარია ქართველი ბავშვებისთვის. საინტერესოა, რომ იაპონია აქტიურად განიხილავდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გახსნას, რომ არა ავადსახსენებელი “რუსული“ კანონი “აგენტების“ შესახებ და საქართველოს ხელისუფლების კონფრონტაცია პარტნიორების მიმართ. იაპონიაში უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც ბიზნესგარემოსთვის, ასევე, მძიმე სენით დაავადებული ქართველი პაციენტებისთვის, რომელთათვისც იაპუნურ, მაღალი ტექნოლოგიებით გამორჩეულ სამედიცინო მიღწევებზე ხელმისაწვდომობა სიცოცხლის შენარჩუნების ტოლფასია.
ნაგომარში “იაპონური“ საბავშვო ბაღის ისტორია კი ამგვარია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, 2021 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად, ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. ამ შენობაში იყო საბავშვო ბაღიც და სოფლის ამბულატორიაც. ხანძარი გვიან ღამით, დაახლოებით 01:30 გაჩნდა.
როგორც ადგილობრივები “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობდნენ, ხანძარი გვიან შენიშნეს, რის შემდეგ სახანძრო ბრიგადას დაუკავშირდნენ. ხანძრის ჩასაქრობად მაშინ ბათუმის, ჩოხატაურის, ოზურგეთის და სამტრედიის სახანძრო ბრიგადები ჩაერთო.
მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა შენობის რეაბილიტაციას და საბავშვო ბაღის კვლავ გახსნას ითხოვდნენ. პრემიერი მიერ დაანონსებული მილიარდ სამასმილიონიანი პროგრამის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, 2022 წლის 24 თებერვალს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ხანძრის შედეგად დამწვარი ადმინისტრაციული შენობის, ამბულატორიის და საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შესახებ.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
შენობის რეაბილიტაციის გარდა, საჭირო იყო გარემოს მოწესრიგება, ეზოს შემოღობვა, ინვენტარის შეტანა. პროცესის დასრულლებას მშობლები მოუთმენლად ელოდნენ.
ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე მერიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში პარტნიორ ქვეყანას მადლობას უხდიდა: “ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას – სოფელ ნაგომარში, ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის – საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის აღდგენა და რეაბილიტაცია დავიწყეთ. ჯამში, ამ პროექტებისთვის 1 103 000 ლარი დაიხარჯება. აქედან ნახევარს, იაპონიის მთავრობა, ხოლო, ნახევარს _ ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და იაპონიის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის!“.
ოზურგეთის ნაგომრის საბავშვო ბაღი, 2024 წლის 26 მარტს გაიხსნა.
„სოფელ ნაგომარში დასრულდა 35 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. როგორც ვიცით, აღნიშნული ბაღი 2021 წელს დაზიანდა ხანძრის შედეგად. იაპონიის საელჩოს დახმარებით, ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადგომით, გახორციელდა სრული რეაბილიტაცია და ბაღი აღჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით“, – თქვა საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალზე, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ.
„ძალიან გვიხარია, როგორც იქნა დასრულდა ბაღის რეაბილიტაცია. ცოტა გაიწელა დრო, მაგრამ ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია პროცესზე. ნაგომრის საბვშვო ბაღი წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალს. ის განთავსებულია ნაგომრის ადმინისტრაციის შენობაში. როგორც ცნობილია, 2021 წელს მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი და შენობა დაიწვა. ამჯერად ბაღი ფუნქციონირებას სრულად განაგრძობს. ბაღს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა იაპონიის საელჩოსა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით. ასევე ბაღი მომარაგდა საჭირო ტექნიკით, განმავითარებელი სათამაშოებით და სხვა აუცილებელი საშუალებებით. ამ ეტაპზე ბაღში დარეგისტრირებულია 27 აღსაზრდელი, რომელსაც მომსახურებას უწევს თერთმეტი თანამშრომელი. ბაღი მთლიანობაში გათვლილია 35 ბავშვზე. უახლოეს მომავალში, ოზურგეთის მერიის მიერ, კეთილმოეწყობა საბავშო ბაღის ეზო. აქვე აღვნიშნავ, რომ ნაგომრის საბავშვო ბაღის გარდა, არცერთი ბაღი არ გაკეთებულა სხვა ქვეყნის დახმარებით. ყველას აკეთებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ნაგომრის ბაღი კი, როგორც გითხარით, გაკეთდა იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით. ურეკში აშენდა საბავშვო ბაღი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია.
მუნიციპალიტეტის მერის წარმოადგენელი სოფელ ნაგომარში მიხეილ ცქიტიშვილი „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს:
„ორ ეტაპიანი ტენდერი იყო გამოცხადებული. ჯერ დასრულდა პირველი ეტაპი. მე როგორც ვიცი, სულ ეს პროექტი შეიცავდა 1 მილიონ 200 ათასამდე ლარს. აქედან, 300 ათასი ლარი საბავშვო ბაღზე იყო მიმართული, 680 ათასი ლარი კი _ ამბულატორიისთვის. ზუსტ თანხაზე ინფორმაციას, ჩემზე უკეთე მერიაში მოგაწვდიან. ეს მოხდა იაპონიის საელჩოს დახმარებით. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებაც შედის ამაში. ახლა ბაღი ძალიან მაღალი ხარისხით არის გაკეთებული, ევროსტანდარტია, რაც ყველას უხარია და მოსწონს. რაც შეეხება გარე ეზოსა და მეორე სართულის კეთილმოწყობას და რემონტს, მალე მოხდება ესეც. რაც მთავარია, ყველაფერი ისე ხორციელდება, როგორც იყო დაპირება. როგორც ჩვენი მთავრობის, განსაკუთრებით იაპონიის საელჩოს მადლიერი ვართ“, _ გვითხრა ცქიტიშვილმა.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შესახებ გვესაუბრა და განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა იაპონიის საელჩოს მისამართით საბავშვო ბაღის გამგემ ინგა სიორიძემ:
„ძალიან გახარებული ვართ, რომ ამ გაზაფხულზე გაიხსნა ჩვენი საბავშვო ბაღი და აგვიხდა ნანატრი მოლოდინი. ბაღი დღეს უკვე გამართულად ფუნქციონირებს. დაცულია ყველა თანამდროვე, უმაღლესი სტანდარტი. ასევე ამბულატორიამაც განაახლა მუშაობა და იქაც შეიძლება ითქვას, რომ იდეალური მდგომარეობაა. მართალია, სამი ორგანიზაციაა ერთ შენობაში, თუმცა ერთმანეთისგან განცალკევებულია ყველა, არის სხვადასხვა შესასვლელი. არანაირი ხელშეშლა არ არსებობს. მოწესრიგებულია სველი წერტილები. ორი ოთახი განკუთვნილია ჯგუფებისთვის. ერთი საძინებელია, ასევე, მენეჯერის და ექთნის ოთახები ცალ-ცალკეა განთავსებული. ასევეა საწყობის და დარაჯის ოთახი. დღეისთვის 27 ბავშვი გვყავს. ცხრა უკვე სკოლაში მიდის სექტემბერში. შემომსვლელი ბავშვებიდან, ახლა ექვსის დოკუმენტაცია გვაქვს მოწოდებული, მალე დანარჩენსაც მივიღებთ. ბაღის შენობამდე ბავშვები მშობლებს მოჰყავთ. ეზო ჯერ არ გვაქვს მოწესრიგებული. ფართობი არის, უნდა შემოიღობოს… როგორც ვიცი, ტენდერი გამოცხადებულია და გვპირდებიან, რომ ეს ყველაფერი ამ წელში მოხდება. რაც მთავარია, უმნიშვნელოვანესია იაპონიის საელჩოს წვლილი ამ საქმეში. მადლიერი ვართ, როგორც ხელისუფლების, ისე საელჩოს“, _ გვითხრა ქალბატონმა ინგამ.
ძალიან გახარებული ვართ. მართალია, საყვედურიც ბევრჯერ ვთქვით, მაგრამ ესეც ბუნებრივია _ სოფელში არ იყო ბაღი, ჩვენს პატარებს აკლდებოდათ ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპის ბავშვურ გარემოში გავლა. დღეს ყველგან გასაჭირია, მშობლებს სურდათ და სურთ, ჩვენი ბავშვები თანამედროვე საბავშვო სივრცეში იზრებოდნენ. დღეს მადლიერებას გულწრფელად გამოვთქვამთ _ იაპონიის საელჩოს წვლილი დიდია. ყველას მადლობას ვუხდით. რაც მთავარია, ძალიან კარგი აღმზრდელები ჰყავთ ჩვენს შვილებს _ გვერდით უდგანან ბავშვებს, რომ ადვილად დაამყარონ კონტაქტი თანატოლებთან. ახლა რჩება ერთი პრობლემა: აუცილებელია ეზოს მოწესრიგება და შემოღობვა. ესეც დაგვიანდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, და ხელისუფლება გვპირდება, რომ გაკეთდება… რომ არა იაპონიის საელჩოს დხმარება, ალბათ, დღესაც არ იქნებოდა დასრულებული და მე და ყველა მშობლის სახელით, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა ვთქვა“, _ გვითხრა მშობელმა მარი ჭეიშვილმა.
სხვა სოფლები რეაბილიტირებული ან ახლად აგებული საბავშვო ბაღების მოლოდინში არიან, პატარა ნაგომრელები ადგილობრივი ხელისუფლებისგან შემოღობილ, ატრაცქიონებით დამშვენებულ ეზოს ელიან.
იმედია, ჩვენ ისევ შევხვდებით ამ თემის გაგრძელებით 2024 წლის ბოლოს და გიამბობთ, შესრულდა თ არა 885 საბავშვო ბაღის რეაბილიტირების და ნაგომრის ეზოს მოწესრიგების დაპირება ხელისუფლების მიერ.
მარინა ჩიხლაძე,
ლისა კოროშინაძე