სლავენ ბილიჩი – ხორვატია
ხორვატიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, რომლის გაწვრთნილი გუნდი თავის დროზე საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩში დაამარცხა, ფეხბურთელობის დროს საკმაოდ წარმატებული მცველი იყო და ხისტი თამაშით გამოირჩეოდა. ამას გარდა, ბილიჩი ენთუზიასტი მელომანიც ყოფილა. ტრეშ-მეტალ ჯგუფ “Rawbau”-სთან ერთად, გასტროლებზეც კი დადიოდა და რიტმ-გიტარაზე უკრავდა.
კევინ კიგანი – ინგლისი
ინგლისის ნაკრებისა და გერმანული „ჰამბურგის” ლეგენდამ, „პუდელად” წოდებულმა, კევინ კიგანმა 1979 წელს ვიდეოკლიპი გადაიღო რომანტიკულ სიმღერაზე – “Head Over Heals in Love” და თავისი საშინელი ვოკალით გააკვირვა ქომაგები. სიმღერის ავტორი ცნობილი კომპოზიტორი და შემსრულებელი კრის ნორმანი იყო. კიგანის ბალადამ ინგლისურ ჩარტებში 31-ე პოზიცია, ხოლო გერმანიაში მეათე ადგილი დაიკავა.
ალექსი ლალასი – ამერიკის შეერთებული შტატები
ამერიკის შეერთებული შტატების ექსცენტრიკულმა მცველმა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი უჩვეულო იერით განთქმულმა ალექსი ლალასმა სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, წარმატებული კარიერა აიწყო მუსიკალურ სფეროში. ლალასი ქანთრის სტილში გამოდიოდა და ორი სოლო ალბომი ჩაწერა. გარდა ამისა, ფეხბურთელს გასტროლები ჰქონდა ამერიკის შტატებში.
პოლ გასკოინი – ინგლისი
სანამ საბოლოოდ გალოთდებოდა, ქარიზმატულმა გაზამ, ანუ პოლ გასკოინმა, ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, ჯგუფ “Lindisfarne”-თან ჰიტური კომპოზიცია – “Fog on the Tyne Revisited” ჩაწერა. სიმღერა ბრიტანეთის კუნძულებზე, ადგილობრივ ჩარტებში, მეორე ადგილზე გავიდა და მელომანთა მოწონება დაიმსახურა.
ჯონ ოლდრიჯი და სტივ მაკმაჰონი – ირლანდია
1988 წელს „ლივერპულის” ნახევარმცველ კრეიგ ჯონსონს გუნდისთვის ჰიმნის ჩაწერის იდეა მოუვიდა. კომპოზიციას “Anfield rap”ეწოდა და მთავარი შემსრულებლები: თავდამსხმელი – ჯონ ოლდრიჯი და ნახევარმცველი – სტივ მაკმაჰონი იყვნენ. კომპოზიციამ მესამე ადგილი დაიკავა ინგლისურ ჩარტებში.
პელე – ბრაზილია
პლანეტის ყველა დროის ნომერ პირველი ფეხბურთელი, ისევე ვირტუოზულად ფლობდა გიტარას როგორც ბურთს. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტოს სამშობლოში რამდენიმე ალბომი აქვს გამოშვებული სამბას სტილში.
ენდი კოული – ინგლისი
1999 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა, ენდი კოულმა ჩაწერა სინგლი – “Outstanding”, თუმცა კოულის ვოკალური მონაცემები აშკარად ჩამოუვარდებოდა მის ბომბარდირულ თვისებებს – სიმღერა, გარდა იმისა, რომ ინგლისური ჩარტების ტოპ-40-შიც კი ვერ მოხვდა, ასევე ბოლო გამოდგა დამწყები მუსიკოსისთვის.
გლენ ჰოდლი და კრის უოდლი – ინგლისი
ლონდონის „ტოტენჰემისა” და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა – კრის უოდლმა და გლენ ჰოდლმა 1987 წელს ჩამოაყალიბეს დუეტი „გლენ ენდ კრის” და ჩაწერეს სინგლი „დაიმონდ ლაითს”, რომელიც ბრიტანული ჩარტების მეთორმეტე პოზიციაზე მოხვდა. გარდა ამისა, კომპოზიცია მოხვდა იმ წლის მუსიკალურ კრებულში – “Top of the Pops”. ფეხბურთელებმა ამ სიმღერაზე ვიდეოკლიპიც გადაიღეს. გადაღების დროს კრის უოდლს ახალი გაკეთებული ჰქონდა ოპერაცია მარცხენა ხელზე და კლიპში ის გიტარის გარეშე მღეროდა.
ავტორი