საგარეო უწყებამ არ უპასუხა მიმართვას, ევროსაბჭოში რუსული აგრესიის მსხვერპლთა ფონდის შექმნაზე, _ ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
“აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ.
საიამ 2024 წლის 26 იანვარს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოუწოდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები ევროპის საბჭოში აგვისტოს ომის შედეგად და შემდგომ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებულებისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შესაქმნელად. მიმართვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უკუკავშირი ამ დრომდე არ მოჰყოლია.
ამის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება ,,რუსული კანონით“ ღიად ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებების დასაცავად”,_ ნათქვამია საია-ს განცხადებაში.