მხატვრული ფილმი „მიმინო“, საბჭოთა კავშირის ეკრანებზე შორეულ 1977 წელს გამოვიდა და დღემდე ნებისმიერი ასაკის მაყურებლის საყვარელ კინოსურათად რჩება.
ამ სურათში ერთ-ერთ დასამახსოვრებელ „მთავარ“ როლს ოთხფეხა მეგობარი, ცუგრია სახელად „ზარბაზანი“ ასრულებდა. ბატონი „ზარბაზანი“ სოფელ ომალოში წყნარად ცხოვრობდა და ერთ მშვენიერ დღეს მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.
ერთ დილას, ბატონი გია დანელია ომალოში მაწანწალა ძაღლს გადააწყდა. პატარა ცხოველს ცალი ყური დაეცქვიტა, მეორე კი ლამის თვალზე ეფინა. „სწორედ ისაა, მე რომ მინდა“ – გაიფიქრა რეჟისორმა. მანქანა გააჩერა და ძაღლი თავისთან მიიტყუა.
„ზარბაზანმა“ გადაღებების დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. მოსკოვს გაემგზავრა და სიცოცხლის ბოლომდე ფილმის დირექტორის კომფორტულ ბინაში ცხოვრობდა.
სამწუხაროდ გადაბარგებიდან რამდენიმე წელში გარდაიცვალა, რადგან მოსკოვის კლიმატურ პირობებს ვერ შეეგუა. „ზარბაზანი” დიდი ზარ-ზეიმით დამარხეს „მოსფილმის” ვაშლის ბაღში.