28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე აკეთში ტრადიციული დოღი გაიმართა.
აკეთში დოღის გამართვის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 90–იან წლებში ჩაეყარა და იქედან მოყოლებული ყოველ 28 აგვისტოს მდინარე სუფსის მიმდებარედ იმართება სპორტული შეჯიბრებები.
წელს 20–მდე მხედარი იღებდა დოღში მონაწილეობას გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან.
ტრადიციული დოღის ფარგლებში სამი გარბენი შედგა. პირველი გარბენი შეადგენდა ერთ კილომეტრიან წრეს და აქ გამარჯვებული ოზურგეთელი ლუკა პაქსაძე ცხენ “ჩიკოსთან” ერთად. ლუკა წარმოადგენდა სოფელ ბახვს. მეორე ადგილი ირგუნა ასევე ოზურგეთელმა მხედარმა ნატანებიდან მიშიკო ნინუამ ( ცხენი “რიჩარდი”), ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ერთადერთი მხედარი გოგონა ლიზი ხოფერია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთიდან. მის ცხენს ერქვა “დობრა”.
მეორე გარბენი უკვე ორწრიანი გახლდათ და აქაც პირველობა არავის დაუთმო ოზუგეთელმა დავით შარაშენიძემ, რომელიც ასევე ნატანებს წარმოადგენდა ცხენით – “ჯაგა”. ფინიშთან მეორე მივიდა ჯაბა ბერიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდან(ცხენი “ჩიკო”), ხოლო მესამე იყო წინა გარბენის მეორეადგილოსანი მიშიკო ნინუა, რომელიც აჭარის რეგიონის სოფელ ღორჯომის სახელით მოასპარეზე ცხენ “სანთელს” მართავდა.
დაბოლოს, ყველაზე პრესტიჟულ მარულაში(ოთხი წრე) ლიზი ხოფერიამ ფურორი მოახდინა და “დობრათი” ყველა კონკურენტს აჯობა.ცხენი “სანთელი” აქაც ფიგურირებდა, ოღონდ მხედარი სხვა იყო, ჯემალ გორგაძე ხულოდან, რომელმაც მეორე ადგილი მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მკვიდრი გია სალუქვაძე, რომელმაც ცხენ “მარღათი” მიაღწია ამ შედეგს.
აკეთის სპორტული ღონისძიებები ამით არ დასრულებულა. გაიმართა შეჯიბრი ფრენბურთში, სადაც ქვემო და ზემო აკეთის გუნდებთან ერთად გაგურისა და ჭანჭათის გუნდებიც მონაწილეობდნენ. პირველ ადგილზე ქვემო აკეთის გუნდი გავიდა, მეორეზე _ ჭანჭათის.
აკეთში გამართული ღონისძიებები საპრიზო ფონდი 8 ათას ლარს შეადგენდა, რომელიც კომპანია “კრიმანჭულის გზამ” დააწესა. სწორედ ეს კომპანია იყო ღონისძიებების მთავარი მხარდამჭერი.