ეს ფრაზა გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის _ “საქართველოს სასოფლო დარბაზის” ერთ–ერთ დამფუძნებელს ამირან გიგინეიშვილს ეკუთვნის. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ძველი “ენჯეოშნიკი” და არა ერთი პროექტის გამახორციელებელია ჩვენ რეგიონში.
რა საფრთხის წინაშე დგას ადგილობრივი მესამე სექტორი ე.წ. “რუსული კანონის” საფუძველზე უცხო ძალის გავლენის მქონედ დარეგისტრირების შემოღების შემდეგ და რას აპირებს თავად, _ გთავაზობთ ინტერვიუს “საქართველოს სასოფლო დარბაზის” ერთ–ერთ დამფუძნებელთან, ამირან გიგინეიშვილთან.
დარბაზის აღმასრულებელი დირექტორი ამირან გიგინეიშვილი
_ ბატონო ამირან, პირველ რიგში, გვიამბეთ, როგორ შეიქმნა “საქართველოს სასოფლო დარბაზი“; რომელი დონორი ორგანიზაციის დახმარებით გაახორციელეთ პირველი პროექტი? დაარსების დღიდან დღემდე, რომელ პროექტებს გაიხსენებდით და დაახლოებით, რამდენი ბენეფიციარი მონაწილეობდა ამ პროექტებში?
_ მადლობა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ასეთ რთულ დროს დაინტერესდით ამ საკითხით. “საქართველოს სასოფლო დარბაზი” შეიქმნა 2014 წელს, საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკას” პროექტის ფარგლებში, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი განვითარებისთვის მუშაობს 1994 წლიდან. ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან ყვარლის, ხაშურის, სენაკის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის აქტიური მოქალაქეები ადგილობრივი დარბაზების სახელით. დეტალური ინფორმაცია საბჭოს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: darbazi.org.ge . პირველ რიგში, ამ მუნიციპალიტეტებში დაფუძნდა ადგილობრივი სასოფლო დარბაზები. საქართველოს სასოფლო დარბაზის საბჭო წარმოადგენს სწორედ ამ დარბაზების წარმომადგენლების გუნდს. ამ წლების განმავლობაში, სსდ–ში ასევე გაწევრიანდნენ ოზურგეთის, ზესტაფონის, ქარელის, ახალქალაქის, ზუგდიდის და ამბროლაურის სასოფლო დარბაზები. ანუ, ჩვენთან წევრებს წარმოადგენენ არა პიროვნებები, არამედ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, _ ამბობს ამირან გიგინეიშვილი.
ჩვენ, ცხადია, დავინტერესდით თუ ვის აერთიანებს ეს ორგანიზაცია და გადავედით მითითებულ ბმულზე. ღილაკით სტრუქტურა, განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ “საქართველოს სასოფლო დარბაზი საქართველოს 120-ზე მეტ სოფელს აერთიანებს წევრი მუნიციპალური დარბაზების ეგიდით.
15-კაციანი საბჭო განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიას და ძირითად პროგრამულ მიმართულებებს.
თავდაპირველად, საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ მუნიციპალური დარბაზების წარმომადგენლები, რომლებიც ეროვნულ ყრილობაზე იქნენ არჩეულები. საბჭოს შემადგენლობა ასეთი იყო:
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთის სასოფლო დარბაზის საბჭოს თავმჯდომარე; ლალი გივიშვილი, ყვარელი; როლანდ სიხარულიძე, ჩოხატაური; ენგურ ნინიაშვილი, ხაშური; აზა ნაჭყებია, სენაკი; გიორგი მარღიევი, ყვარელი; იოსებ ბუაძე, ხაშური; ხვიჩა მაშავა, სენაკი; იონა ჯიქია, სენაკი; ალექსანდრე კალანდაძე, გარდაბანი; ანზორ მაისურაძე, ხაშური; მზია გახუტელაშვილი, ყვარელი; ბეჟან ხაბეიშვილი, ჩოხატაური; ზურაბ მაისურაძე, ჩოხატაური; რობერტ წილოსანი, ლანჩხუთი.
დარბაზის საბჭოს პირველი თავმჯდომარე ნინო მშვიდობაძე
დღეისთვის საბჭოს შემადგენლობა ასეთია _ მას თავმჯდომარე აღარ ჰყავს, წევრები კი არიან: როლანდ სიხარულიძე, ჩოხატაური; ხვიჩა მაშავა, სენაკი; ანზორ მაისურაძე, ხაშური; მზია გახუტელაშვილი, ყვარელი; რობერტ წილოსანი, ლანჩხუთი.
როგორც ამირან გიგინეიშვილი ამბობს, ამ დროის განმავლობაში, სსდ-მ განახორციელა 11 პროექტი და “ყველა მათგანი მიმართული იყო და არის ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობაზე”.
_ პირველი პროექტი: “მოქალაქეთა მონაწილეობის ამაღლება“. დამფინანსებელი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. მიზანი: საქართველოს სოფლების მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა საზოგადოებრივი საბჭოების, როგორც საზოგადოების ჩართულობის ფორმების მიმართ და საქართველოს სასოფლო დარბაზის, როგორც სასოფლო ტერიტორიების განვითარების ახალი ინსტიტუციის გაძლიერებისა და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა. სხვა პროექტები მიმართული იყო და არის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო 4 სოფელში მუნიციპალური პროგრამების საზოგადოებრივი მონიტორინგის ორგანიზება ადგილობრივი ლიდერების ჩართვითა და თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. საზოგადოების მონაწილეობით გურიის სანაპიროს ოთხი დასახლების, გრიგოლეთის, წყალწმინდის, ურეკისა და შეკვეთილის სტრატეგიული, მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება საშუალო ვადიან პერსპექტივაში. სსდ–ს ორგანიზაციული განვითარება და ახალგაზრდების გააქტიურება სასოფლო დასახლებებში, თემების მიერ ინიცირებული მიკრო პროექტების დაფინანსებით. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში დასახლების საერთო კრებების ორგანიზება საინიციატივო ჯგუფების მიერ და ადგილობრივი მოსახლეობის ფართო მონაწილეობითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ჩართულობით. ჩოხატაურის, სენაკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების 9 სოფელში დასახლების საერთო კრებების ორგანიზება საინიციატივო ჯგუფების მიერ და ადგილობრივი მოსახლეობის ფართო მონაწილეობითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ჩართულობით. გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპიროს ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდის ხელშეწყობა და შესაბამისად სანაპირო დასახლებების მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ლანჩხუთის, სენაკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის შესწავლა, დახმარება, თავიანთი სერვისების გაუმჯობესებაში და მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებაში. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესის წარმართვა და საზოგადოების მონაწილეობით სოფლების განვითარების ხელშეწყობა. მიმდინარე პროექტია: “უსაფრთხო სურსათი ლანჩხუთისთვის“. დამფინანსებელი: CSRDG. პროექტის მიზანი: ხელი შეეწყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უსაფრთხო სურსათის მიწოდებას ადვოკატირების გზით.
_ ხშირია, როცა ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხელისუფლებაში მიდიან და შემდეგ ისევ ძველ საქმიანობას უბრუნდებიან. რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც, გარკვეული პერიოდით პოლიტიკაში წახვედით? როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაში ყოფნა უფრო ნაყოფიერი იყო თუ მესამე სექტორში?
_ კარგი შეკითხვაა. ჯამში, 16 წელი საკრებულოს წევრი ვიყავი, ძირითადად, ჩემი ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი საკრებულოს წევრის სტატუსით. ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლება და შესაძლებლობაა, დამოუკიდებლად განახორციელოს ადგილობრივი საქმიანობა. ეს კანონითაა განსაზღვრული. ადგილობრივი პოლიტიკა განსხვავდება ზოგადი პოლიტიკისგან, იმით რომ აქ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული. ვთვლიდი და ვთვლი, რომ, ის რაც ადგილობრივი გადასახადის გადამხდელის მიერ ფორმირებულ ბიუჯეტშია ასახული, მოსახლეობამ უნდა განკარგოს და არა ისე, როგორც სსრკ–ს დროს იყო, როცა რაიკომები ცკ–ს ემორჩილებოდნენ და მათ ნებას ასრულებდნენ. საკრებულო არ უნდა იყოს კომპარტიის რაიკომი. საკრებულოს თავმჯდომარედ 2 წლის მანძილზე ყოფნისას, სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობდი კოლეგებთან ერთად. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, ვფიქრობ, ჩანაფიქრიდან მცირედი მაინც გამოვიდა.
_ როგორც თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი და ასევე, სერთიფიცირებული ტრენერი, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა დეცენტრალიზაციის მხრივ?
_ დეცენტრალიზაცია, სამწუხაროდ, მხოლოდ ქაღალდზეა. რასაც “ცენტრში” დაგეგმავენ, ის უნდა განახორციელონ მნიშვნელოვნად განსხვავებულმა მუნიციპალიტეტებმა. არადა, ორგანული კანონი, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” აშკარად ითვალისწინებს, რომ ყოველ თვითმმართველობას მოსახლეობის ჩართულობით უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სასწრაფო, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პრიორიტეტები, რომელთა შესრულებაზე უნდა იყოს მიმართული ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა. 64 მუნიციპალიტეტიდან რამდენს აქვს სტრატეგიული განვითარების დამტკიცებული გეგმა და თუ აქვს, სრულდება? ამიტომაა სოფლები რომ იცლება და ხალხი სამუშაოს საძებნად ან დიდ ქალაქებში, ან საერთოდაც ემიგრაციაში გარბის.
_ რატომაა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია _ რა გარანტიებს იძლევა დასავლეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის?
_ ევროკავშირში, მისი დაარსების დღიდან, ომი არ ყოფილა. ევროკავშირში ყველაზე დაბალი უმუშევრობის დონეა. ევროკავშირში განათლების მქონე ახალგაზრდა უპირობოდ საქმდება, ევროკავშირში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7 წლით მეტია, ვიდრე ჩვენთან. ევროკავშირის 23 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და კარგად დავინახე რა დონეს აღწევს განათლება, ჯანდაცვა, საპენსიო უზრუნველყოფა, ადგილობრივი განვითარება, თანასწორობა… უფალს ვთხოვ, მოგვცეს ძალა და შესაძლებლობა, სასიცოცხლოდ აუცილებელი პერსპექტივა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა, არ დავკარგოთ.
_ ე.წ. “რუსული კანონი” რამდენად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას და რას უქადის ის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, მესამე სექტორს და მედიას?
_ ეს ფეისბუქზე დავწერე: კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. “მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.” პირადად ჩემსა და თქვენს შორის ვინც მეტად არის უცხოური გავლენის გამტარებელი, იმას… დაეცეს მეტეორი შუბლში! … წყევლა შორსაა ჩემგან, თუმცა, როცა ფინანსთა მინისტრის დადგენილებით შეიძლება მართულიყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობა სახელმწიფოსთან მიმართებაში და მაიძულებ, რომ საჯაროდ დავრეგისტრირდე “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“, “შპიონად“, ეს აშკარა შეურაცხყოფაა! შედეგები სახეზეა: არ ვიცი რა დრო და ძალისხმევა დასჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებას. “აბა ომი გინდა?” _ ნარატივი არ მგონია მართალი იყოს, რადგან ებრაელები, სანამ ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისკენ დაადგებოდნენ გზას, მშვიდობაში იყვნენ, თუმცა, მონებიც იყვნენ.
_ “რუსული კანონის” ამოქმედების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის დიდი ნაწილი არ დარეგისტრირდა სპეციალურ ე. წ.”აგენტების” რეესტრში. როგორია თქვენი პოზიცია?
_ ჩვენი ორგანიზაცია, ერთ ერთია იმათგან, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ამ კანონის გაუქმების მოთხოვნით. ვნახოთ, რა მოხდება. ამჟამინდელი სიტუაციით, ან უნდა გააუქმო ორგანიზაცია, ან დაგაჯარიმებენ და მაინც დაგარეგისტრირებენ. დამფუძნებლებთან ერთად, ჯერ კიდევ ვფიქრობთ, როგორ მოვიქცეთ.
ავტორი