euronews-ის ინფორმაციით, რუსეთმა სამშაბათს იაპონიის ზღვაში ჩინეთთან ერთობლივი სამხედრო საზღვაო წვრთნები დაიწყო. ეს არის უფრო დიდი წვრთნების „ოკეანე-2024“ ნაწილი, რომელიც შედგება საზღვაო წვრთნებისაგან, რომლებიც მოიცავს წყნარ და არქტიკულ ოკეანეებს, ხმელთაშუა, კასპიისა და ბალტიის ზღვებს.
„სწავლების მიზანია საბრძოლო მზადყოფნის ძირითადი ასპექტების დეტალური შემოწმება“, – თქვა პუტინმა წვრთნებში მონაწილე სამხედრო პერსონალთან მიმართვისას.
“ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მეგობარ სახელმწიფოებთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას. დღეს, მსოფლიოში მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – დასძენს ის.
რუსეთის ლიდერი შეერთებულ შტატებს “იარაღების შეჯიბრის პროვოცირებაში” ადანაშაულებს.
“რუსეთიდან მომავალი სავარაუდო საფრთხის წინააღმდეგ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეკავების საბაბით, შეერთებული შტატები და მისი თანამგზავრები აძლიერებენ სამხედრო ყოფნას რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან, არქტიკაში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში“, – თქვა პუტინმა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი მზად უნდა იყოს სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის“.
პუტინმა თქვა, რომ საზღვაო წვრთნები, რომელიც სავარაუდოდ 16 სექტემბრამდე გაგრძელდება, ყველაზე დიდია ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობს 90 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 400-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და დამხმარე გემები და 120 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.