დღეს, დილიდან, ოზურგეთში, გურულები თხილის ჩაბარების ფასზე მხიარულად ბჭობენ:
„ა, ლარნახევარი ღირს ერთი კილოგრამი. ისე დეეცა ფასი, ვერც წამოდგება, “, „პირდაპირ ჩაბარებულზეა ეგ, ჩაქუჩს რომ ჩაუკაკუნებ, მეტი ღირს, თუ გამოვა საღი“, „ოო, დაგაჩაქუჩონ და თან ფასი აგიწიონ..მხოლოდ თხილს ეწვია ეს ბედნიერება გურიაში“…
თხილის მიმღებ პუნქტებში ასეთი მდგომარობაა: თუ თხილს გაუტეხავად ჩააბარებ, მზისფერადაც რომ ელავდეს, ლარნახევარზე მეტს არავინ მოგცემს. აუცილებლად უნდა გატეხო და ცალობის მიხედვით გადაგიხდიან 50-60 თეთრს.
ახლა, უმეტესად, გურულების ცნობილი „ნაგერა“ ბარდება. მაღალი ხარისხის თხილი ნაკლებად მოაქვთ. როგორც ამბობენ, მცირე ნაწილი ადამიანებისა, ვისაც ნაკლებად უჭირს ეკონომიკურად, თხილს ინახავენ და უფრო საახალწლოდ აბარებენ.
_მოაქვთ ეს „ნაგერა“, ერთი ტომარა რომ ათი კილოგრამი გამოდის. ხელს რომ მოკიდებ და ასწევ, შეეჭვდები, ბამბა გეგონება. წონა რომ არ აქვს და იცი ფუტუროა, ლარნახევარსაც როგორ გვთხოვთ? -ბრაზობენ თხილის მიმღები ოპერატორები.
ავტორი