1989 წლის 9 ოქტომბერს, წმინდა მოციქულისა და მახარებლის – იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, თბილისში, ათონის მთიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩამობრძანდა, რომელიც პატრიარქის თხოვნითა და კურთხევით, ათონის წმინდა მამებმა დაწერეს. ბერძენმა მამებმა საქართველოსთვის კარიბჭის ხატიდან ასლის გადაღება ორ წელიწადში მოახერხეს. ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ დედა ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში შესრულდა…
და 9 ოქტომბერს ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო.
ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმინდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელი ბერების განმარტებით, ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყაროც ამიტომ დაშრაო…
2000 წლის შობის მარხვის მიწურულს კი თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა კვლავ ახალი სასწაულით განამტკიცა სარწმუნოებაში თავისი მორწმუნენი. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოოქროვილი პერანგით შემოსვა გადაწყდა. როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი ანალოღიიდან გადმოაბრძანეს, მინაზე, რომლის მიღმაც ხატი იმყოფებოდა, ღვთისმშობლის ყრმით გამოსახულება აღმოჩნდა აღბეჭდილი. ანაბეჭდი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული. ამჟამად მინაზე გადასული გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის სასწაულთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმინდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმინდა მთა, როგორც ქრისტიანებმა მიატოვეს იერუსალიმი ტიტუსის დროს. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება.
ვრცლად წასაკითხად გადადით ბმულზე.