ფიზიკური დაპირისპირება იყო გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უსწორდება რამდენიმე ახალგაზრდა ერთ-ერთ დამკვირვებელს.
როგორც დაპირისპირების თვითმხილველი, ორგანიზაცია „12 სართულის“ დამკვირვებელი, ვადო მაჭავარიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჩხუბი მოჰყვა უბანზე შეკრებილი პირების მხრიდან დაწყებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას:
„ეს ადამიანები იდგნენ უბანთან. ჩვენი მეგობრების მიმართ გამოთქვამდნენ პროვოკაციულ ფრაზებს. მათ ინტერესში იყო აქ დაძაბულობის შექმნა. ჩვენ აქ ბევრი ორგანიზაცია ვართ წარმოდგენილები, მედია ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იყო ჩვენი მიმართულებით რეპლიკები გამოსროლილი და ამას მოჰყვა დაძაბულობა“.
გავრცელებულ კადრებში ჩანს ასევე შაკო კუჭაშვილი, პროსახელისუფლებო ახალგაზრდული მოძრაობის „წინსვლის “ წარმომადგენელი. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, საარჩევნო უბანზე ის დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ამბობს, რომ უბანზე მყოფი პირები მას მიმართავდნენ – „რუსო, რუსო“, რასაც შემდეგ მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება:
„მე ამ ზონდერ ჯგუფევს გავეცი შესაბამისი პასუხი კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, რასაც მოჰყვა მათი მხრიდან აგრესია და სიტუაციის ესკალაცია“.
დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ამაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.