გურიაში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რასაკვირველია, იყო ცალკეული დარღვევის ფაქტები.
სულ, როგორც გვითხრეს, საოლქო-საარჩევნო კომისიაში ხუთი პროცედურული ხასიათის საჩივარია შესული.
აქედან ერთი გადაკოცნის ფაქტზეა დაწერილი. ეს არის სოფელ დვაბზუს უბანზე მომხდარი ფაქტი _ ნაცნობმა ამომრჩეველმა ნაცნობი რეგისტრატორი გადაკოცნა.
დვაბზუს უბანზე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა, თინათინ გობრონიძემ, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და აღნიშნა, რომ სოფელ გაღმა დვაბზუს ერთ-ერთ უბანზე დარღვევა დააფიქსირა. კერძოდ, გობრონიძის საჩივრით გაირკვა, რომ კენჭისყრის შენობაში, რეგისტრატორმა და ამომრჩეველმა ერთმანეთი გადაკოცნეს, რაზეც თავმჯდომარემ რეაგირება არ მოახდინა.
„კენჭისყრის შენობაში მოხდა დარღვევა რეგისტრატორის გადაკოცნა ამომრჩევლისგან, ამასთანავე, კომისიის წევრს მიეცა გაფრთხილება გადაკოცნისთვის, ეს კი დანარჩენებმა არ გაითვალისწინეს და რეაგირება არ მომხდარა თავმჯდომარის მხრიდან,“ – აღნიშნულია პარტიის წარმომადგენლის მიერ შევსებულ საჩივარში.
როგორც გვითხრეს, აღნიშნული საჩივრის განხილვა , დანარჩენ ოთხ საჩივართან ერთად, რომლებიც პროცედურული ხასიათისაა, მალე მოხდება ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში.
ავტორი