ISFED-მა გამოავლინა, რომ ხმის მიმცემთა რაოდენობა იყო მეტი, ვიდრე რეგისტრირებული ადამიანები არის, რასაც ადასტურებს ცესკოც. ამ ყველაფერს გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე და თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოპარა არჩევანი ქართველ ხალხს.
„დღითი-დღე კიდევ უფრო ნათელი გახდება ყველა ის დარღვევა, ყველა ის გაყალბება, ყველა ის უბედურება, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა და ISFED-ის ეს მტკიცებულებაც არის ამის ნათელი დადასტურება. „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც იცოდა, რომ კატასტროფულად წაგებული ჰქონდა არჩევნები, გაყალბებაში ძალიან ზედმეტი მოუვიდა, იმდენად ზედმეტი, რომ კვალის დაფარვა გარკვეულ შემთხვევებში მათ ვერ შეძლეს, ამიტომაც ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება და კიდევ უფრო მეტი დარღვევა გამოჩნდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მუშაობს სამოქალაქო სექტორი, ამაზე მუშაობს ოპოზიციაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას,“- განაცხადა ანა წითლიძემ.