ბატონი ჯემალ ღაღანიძე ერთ სახალისო შემთხვევას ხშირად იგონება:
„ერთ ჟურნალისტ გოგონას ძალიან უნდოდა ირაკლი აბაშიძისგან ინტერვიუს აღება. ბევრი ეცადა, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა.
ერთხელაც, ირაკლი, სხვა მწერლებთან ერთად, სასტუმროში ქეიფობდა. იმ ჟურნალისტმა გაიგო ეს ამბავი და იქ მიაკითხა. „ეტაჟნიცას“ სთხოვა, იქნებ საქმე ჩამიწყო და ირაკლი აბაშიძესთან შემახვედრო, ვიცი აქ არის და შენი იმედი მაქვსო. ჯერ იუარა „ეტაჟნიცა“ ქალმა, აქ არ არისო, მაგრამ ვერ დაარწმუნა ჟურნალისტი და უთხრა, კარგი ბატონო, მივალ და ვეტყვი, იქნებ ასე მოგიშორო თავიდანო.
მოკლედ, მივიდა და მწერალს პირდაპირ უთხრა: რა ვქნა, ბატონო ირაკლი, გმალეთ, გმალეთ და ვერ დაგმალეთ. ჟურნალისტი გოგონაა მოსული, თქვენთან შეხვედრა უნდა და მე ვეღარ დაგმალავთ, შემჭამა ქალი, შეხვდით და უთხარით რამეო.
ადგა ირაკლი, მოუბოდიშა სუფრის წევრებს და უთხრა: გავალ ორი წუთით და მალე დავბრუნდებიო. კარში რომ გადიოდა, გოგლა ლეონიძემ მიაძახა: ირაკლი, გელოდებით, უშენოდ არ დავლევთ სადღეგრძელოს და თუ შეძლებ, უკან დაბრუნდიო. ირაკლის ჩაეცინა: მოიცა კაცო, თუ შევძლებ, უკან დამბრუნებლის დედა ვატირეო“.