საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია.
“მინისტრმა თეატრის დირექტორ ზაზა ჯინჭარაძესთან ერთად თეატრის შენობა დაათვალიერა და ხელმძღვანელ პირებსა და თეატრის თანამშრომლებს სამინისტროს სახელით მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ოზურგეთში გაიხსნა ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერა – ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლის რეაბილიტაციისას სრულად გარემონტდა თეატრის დიდი და მცირე სცენა, სარეპეტიციო ოთახები, გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, რადიოთეატრი, მოეწყო სამუზეუმო სივრცე და სხვა.
დღეს თეატრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით; თეატრი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის”,_ ვკითხულობთ კულტურისა და სპორტის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.