1914 წელს ამერიკის ქალაქ კლივლენდში გაჩნდა თანამედროვე შუქნიშნების წინამორბედი. მას ჰქონდა წითელი და მწვანე ნათება, ხოლო ფერის გადართვისას ხმოვან სიგნალს გამოსცემდა.
თუმცა, პირველი შუქნიშნის გამოგონების პრიორიტეტი ბრიტანელ ჯეი ნაიტს ეკუთვნის – მისი აპარატი დადგმული იყო ლონდონის პარლამენტთან 1868 წელს, მაგრამ დადგმიდან სამი წლის შემდეგ ის აფეთქდა და დაჭრა პოლიციელი. მას შემდეგ შუქნიშანი 50 წლით დაივიწყეს – 1910 წლამდე, როდესაც შეიქმნა და დაპატენტდა პირველი ავტომატური მოწყობილობა ორი ფერის მაჩვენებლით. სამფერიანი შუქნიშნები პირველად დეტროიტსა და ნიუ-იორკში გამოჩნდა 1920 წელს.
დღეისათვის ისე განვითარდა შუქნიშნის ტექნოლოგია, რომ იმ შემთხვევაზეც კი რეაგირებს, როდესაც სხვადასხვა მიზეზით ყურადღებაგაფანტული მძღოლი ივიწყებს მის არსებობას: „Hanyoung“-იმ შექმნა შუქნიშანი, რომლის ვერდანახვა და იგნორირება შეუძლებელია. ეს არის წითელი ლაზერული სხივების ვირტუალური კედელი, რომელსაც ტექნიკურად კი გადალახავ, მაგრამ ფსიქოლოგიურად გაგიჭირდება. მძღოლი იძულებულია, დაინახოს ის, რადგან კედელი უღობავს გზას. „ახალი თაობის“ შუქნიშანი აღჭურვილია ელვისებური რეაგირების მოწყობილობით – თუ გაუფრთხილებელი მძღოლი მაინც დაარღვევს წესს და გადალახავს წითელ კედელს, ინფორმაცია მანქანის შესახებ იმ წუთას გადაეცემა ქალაქის ავტოინსპექციის პოსტს.