“2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამე საქართველოს უახლეს ისტორიაში შევა, როგორც „ქართული ოცნების“ ხელით მედიის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი სისტემური ძალადობის აქტი”,_ ამის შესახებ განცხადებას მედია ადვოკატირების კოალიცია ავრცელებს.
“რეჟიმის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ამგვარი ორგანიზებული ძალადობა ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობაა. “ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დარბევისას ძალოვნებმა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ოპერატორების წინააღმდეგ დამსჯელობითი ოპერაცია განახორციელეს – დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა მედიის 30-ზე მეტ წარმომადგენელს. შემთხვევათა სია მზარდია. პროფესიული ნიშნებით იდენტიფიცირების მიუხედავად, სპეცრაზმელები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს მედიის წარმომადგენლებს. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ჟურნალისტების ცემის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაკავებისა და მათი პროფესიული აღჭურვილობის დაზიანება/წართმევის შემთხვევები, რომლის მიზანია მედიის მუშაობის შეგნებულად შეფერხება”,_ ნათქვამია განცხადებაში.