საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე ვერ დაასრულა, დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე წარმოთქვა.
მან ისევ ახსენა ანწუხელიძის მარში, რომელიც გუშინ გაიმართა და თქვა, რომ არ შეიძლება არ ვუერთგულოთ ანწუხელიძეს და ჩვენს ჯარს.
პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ვეტერანების მარშზეც.
პრეზიდენტის თქმით, მარშები და ამდენი ადამიანის გამოსვლა არის იმის ნიშანი, რომ საქართველო არასდროს ეგუება, როცა მართალია.
სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, ის ერთგულია, ჯარის, ხალხის, კონსტიტუციის, კონსტიტუციის სულისკვეთების.
პრეზიდენტის განცხადებითვე, კრიზისი ღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით, სანქციების ფონზე მატულობს ქვეყნის იზოლაცია და ვრცელდება ეკონომიკაზე, ფინანსებზე და შეიძლება საშიშ ნიშნულს მიაღწიოს.
“ან დიალოგი ან რეჟიმის ჩამოშლა. მივალთ ახალ არჩევნებამდე, სხვა გზა არ არის, ეს რეჟიმი უკვე იშლება. ქართული ბიზნესის დიდი ჯარი, ვისაც არ აქვს რუსეთთან ურთიერთობა წუხს და ღელავს თუ სად მიდის ჩვენი ქვეყანა. რეჟიმის ჩამოშლა ეს არის დიალოგის ალტერნატივა”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმითვე, ახალი არჩევნების ჩასატარებლად შესაბამისი დოკუმენტი მზადდება და საზოგადოება უნდა იყოს მზად.
“საზოგადოება უნდა იყოს მზად. განსაკუთრებით კი მედია. ვიცი რომ მედიას უჭირს, მაგრამ ალბათ მოიძებნება სხვადასხვა ფორმები რომ გაძლიერდეს და საინფორმაციო ველი არ იყოს ხელში ჩაგდებული”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.