რუსეთი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“რუსეთმა აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ოფიციალური მომართვის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში მიმდინარე წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ბოლომდე ელექტროენერგიის სოციალურ მიწოდებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ზახაროვამ იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთი შეასრულებს მოსკოვთან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის ინვესტიციების საკითხზე ორი ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით.
“აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები გულისხმობს ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს, გამოვდივართ იქიდან, რომ სოხუმიც გაივლის თავის წილ ნაბიჯს გადმოდგამს დოკუმენტების შესაბამისად, მათ შორის რაც შეეხება კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და ა.შ.” – აღნიშნა ზახაროვამ.
ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთმა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი გუნბას მიმართვის საფუძველზე დაიწყო.