დღეს, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გურამ მურვანიძეს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დააკავეს.
ის ადმინისტრაციული მუხლით დაaკავეს და მას გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.
თუმცა, „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების პროცესში გურამ მურვანიძე კადრებს იღებდა, რა დროსაც მასთან მივიდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.
როგორც მოგვიანებით გურამ მურვანიძემ ადვოკატს განუცხადა, მან ირაკლი დგებუაძეს განუმარტა, რომ იყო „ბათუმელების“ ოპერატორი და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, თუმცა ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე პოლიციამ ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავა.
კადრებში ასევე ჩანს, რომ დაკავების დროს გურამ მურვანიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
დღეს გურამ მურვანიძესთან ერთად საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის, ლევან ხორავას სასამართლო პროცესიც გაიმართა.
8-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ ლევან ხორავაც.
ვრცლად: ბათუმელები