სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ლანჩხუთელი ჟურნალისტი ქეთევან ნაკაშიძე გარდაიცვალა.
ქეთევან ნაკაშიძის სახელს უკავშირდება მუნიციპალიტეტში თავისუფალი მედიის დაარსება _ 1995 წელს ოჯახის წევრებთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის მანძილზე რედაქტორობდა. მანამდე „ლანჩხუთის მოამბის“ („კომუნისტური შრომა“) რედაქტორის მოადგილე გახლდათ.
ქეთევან ნაკაშიძემ, ათეულობით ახალგაზრდას გაუკაფა გზა ჟურნალისტიკაში და ამ ათეულობით ადამიანისთვის იგი სულ ქეთინო დეიდად დარჩება.
„მართლა ეპოქა დასრულდა“, – ასე ეხმიანება ქეთევან ნაკაშიძის გარდაცვალებას ლანჩხუთელი პოლიტიკოსი გოჩა ჯანაშია, რომელიც თავადაც არაერთი წელი იყო „ლანჩხუთი პლუსის“ გუნდის წევრი ჟურნალისტის რანგში.
კახა ასკურავა, ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი: – „მართლაც ძალიან დიდი და საპატივცემულო ადამიანი წავიდა იმიერში!
ქალბატონი ქეთევან ნაკაშიძე ძალიან დიდი ხანი ემახსოვრება ლანჩხუთს. მან ეს დაიმსახურა მისი საქმიანობით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოღვაწეობითაც.
აცხონოს ღმერთმა და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა მის შინაურს“.