უკვე რამდენიმე დღეა გურიაში გადაუღებლად წვიმს. ასევე დროგამოშვებით ქრის ძლიერი ქარი. ამ დროისთვის ოზურგეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ ტრასაზე რამდენიმე ნაძვის ხე წაიქცა, თუმცა მომხდარს სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია.
ჩვენ დავუკავშირდით როგორც მაღალმთიანი სოფლების, ასევე ზღვისპირა სოფლებში მერის წარმომადგენლებს და უამინდობის შედეგად არსებული ვითარების შესახებ გავესაუბრეთ.
სოფელ მთისპირში მერის წარმომადგენელი ლადო ჩავლეშვილი გვეუბნება:
_ ბოლო ორი დღის განმავლობაში იყო წვიმა, ქარი თუმცა რაიმე ზარალი არ ყოფილა. ჩვენს თემში შემავალი ვანისქედის მიმართულებით მოთოვა და ყურადღებით ვართ, რომ რაიმე შეფერხება არ იყოს გზაზე.
ზღვისპირა სოფლებში გვეუბნებიან, რომ აქაც რაიმე სერიოზული ზარალი არ ყოფილა.
ურეკში მერის წარმომადგენელი დათო რობაქიძე გვეუბნება:
_ ცოტა წყალდიდობას ჰქონდა ადგილი, როგორც ეს ყოველთვის იცის ურეკში. სხვა რაიმე ზარალი ქარს ან წვიმას არ მოუყენებია. ყველა ვართ მობილიზებული და ყურადღებით, რომ რაიმე არ მოხდეს. იმედია მალე გამოიდარებს.
სოფელ შრომაში მერის წარმომადგენელი ვეფხვია სიხუაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად რამდენიმე დღიანი უამინდობისა, რაიმე სახის ზიანს სოფელში ადგილი არ ჰქონია.
ავტორი