პოლონეთის ხელისუფლებამ 5 მარტს დაიწყო ქვეყანაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია. პირველ ტალღაში მოყოლილი საქართველოს 17 მოქალაქე სამხედრო თვითმფრინავით სამშობლოში დააბრუნეს.
„ეფექტურად ვშლით ქართულ ბანდებს“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. „იქნება სხვა მსგავსი ოპერაციები“, – აცხადებენ პოლონეთის სასაზღვრო დაცვაში. საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
დეპორტაციას წინ უძღოდა პოლონეთის სახელმწიფო უწყებების გაფრთხილება – საქართველოს და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების ქვეყანაში არალეგალურად ყოფნასა და კრიმინალთან კავშირზე – დონალდ ტუსკი ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს „არალეგალური მიგრაციის კონტროლის საჭიროებაზე“.
ამ ამბის შესაძლო გაგრძელებამ საქართველოს მოქალაქეთა უფრო ფართო ჯგუფზე შეიძლება იქონიოს გავლენა – საქართველოს მოქალაქეების მიერ წესრიგის და უსაფრთხოებისთვის რისკის შექმნა შეიძლება იყოს ერთ-ერთი საფუძველი, რითაც ევროკავშირმა შესაძლოა ვიზის შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს.
მკვლელობა ქართულ რესტორანთან ვარშავაში
21 თებერვალს, გვიან ღამით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, კონსტიტუციის მოედნის სიახლოვეს ქართულ რესტორანში საქართველოს მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
ჩხუბს, რომელიც რესტორნიდან ქუჩაში გაგრძელდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – საქართველოს მოქალაქის. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
პოლიციამ მაშინ სამი ადამიანი დააკავა. პოლონური მედიის ცნობით, ინციდენტში ჯამში რვა ადამიანი მონაწილეობდა.
ჟურნალისტები წერდნენ, რომ ჩხუბისას მამაკაცებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, „კრიმინალური დაჯგუფების წევრები“ იყვნენ, ცივი იარაღი – დანა – გამოიყენეს.
31 წლის კაცს გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული – ის სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

































































