მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტო შეიქმნა, რომელსაც თამარ ზოდელავა უხელმძღვანელებს.
ზოდელავა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) გუნდში მუშაობდა. ასევე, იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.
სააგენტოს საქმიანობა ე.წ. პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება იქნება და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.
“იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროდ მეტწილად უცხოური აქტორები გვევლინება, რომლებიც ძალაუნებურად განსაზღვრავენ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს, საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომ შეიქმნას საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“, _ ნათქვამია განმარტებით ბარათში.


































































