“პუბლიკას” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს კამერების შეტანას დღესაც უკრძალავენ. შენობაში დაუშვეს მხოლოდ ის კამერები, რომლებსაც მოსამართლემ პროცესის გადაღების ნებართვა მისცა.
ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, იმ მედიების წარმომადგენლებს, რომლებსაც სხდომის გადაღების მოსამართლის მიერ გაცემული უფლება არ ჰქონდათ, ვიდეოკამერებით დერეფანში ყოფნა და გადაღება თავისუფლად შეეძლოთ.
თუმცა, გუშინ, 22 მაისს, ზურაბ ჯაფარიძის პროცესის პარალელურად ჟურნალისტებს სასამართლოს შენობაში კამერების შეტანის უფლება აღარ მისცეს. პრესსამსახურის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ სასამართლო პროცესებს ხელი ეშლებოდა და რომ გუშინდელი დღე გამონაკლისი იქნებოდა.
თუმცა, აკრძალვა დღესაც ძალაში დარჩა.
ჟურნალისტები კამერების გარეშე შენობაში შედიან და ტელეფონით მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ.






























































