ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ღამით ხელი მოაწერა მოგზაურობის აკრძალვის ბრძანებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას აუკრძალავს.
როგორც BBC იუწყება, 9 ივნისიდან ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგო-ბრაზავილის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის და იემენის – მოქალაქეებს აშშ-ში მოგზაურობა აეკრძალებათ.
კიდევ შვიდი ქვეყნის – ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელას – მოქალაქეებზე შესვლა ნაწილობრივ აიკრძალება.
ამ ახალ პოლიტიკაში რამდენიმე გამონაკლისია, მათ შორის სპორტსმენები, რომლებიც მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებზე მოგზაურობენ, ზოგიერთი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი და ავღანეთის მოქალაქეები, რომლებსაც სპეციალური საიმიგრაციო ვიზები აქვთ.
ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანს შეუძლია გამონაკლისების მინიჭება „ყოველი შემთხვევისთვის ინდივიდუალურად“ განხილვის საფუძველზე.






























































