ქუთაისელები იუმორის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან. ამის ნათელ დადასტურებად ქვემოთ მოყვანილი სახალისო მოგონებაც გამოდგება, რომელსაც ყოფილი პარლამენტარი, შოთა სანდუხიძე არაერთხელ იგონებს.
„ის სკოლა დავამთავრე, რომელიც – ბატონმა რეზო ჩხეიძემ. სკოლაში გადაწყვიტეს, საიუბილეო ღონისძიება მოეწყოთ, ბატონი რეზოს დაბადების დღესთან დაკავშირებით.
დავალება ჩვენმა კლასმაც მიიღო და მეგობრებმა მოვილაპარაკეთ, „ჯარისკაცის მამის“ სცენა გაგვეთამაშებინა, როცა გიორგი მახარაშვილი ვაზს ეფერება და რუსები მიადგებიან. დირექტორმა შეგვაგულიანა – აბა, თქვენ იცით, როგორ მასახელებთ, კარგი, სერიოზული თემა შეგირჩევიათ და ისე ამაღელვებლად უნდა ითამაშოთ, დარბაზში ხალხი ტიროდესო.
ფილმი ყველამ ზეპირად იცოდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, დიალოგები ოდნავ შეგველამაზებინა. რეპეტიციებზე სიარულით თავი არავის მოუკლავს და დადგა ზეიმის დღეც.
ჩხეიძის გარდა, დარბაზში ბევრი საპატიო სტუმარი იმყოფებოდა. სცენაზე ვაზის ბუტაფორია დადგეს, ფილმის მუსიკა ჩაირთო და მე, იგივე გიორგი მახარაშვილი შევდივარ.
– ვა, სიმონ, ყურძენი! – ვიყვირე გახარებულმა და ვაზს ვეცი.
დარბაზში სამარისებური სიჩუმეა.
– აზრზე ხარ, როგორ მომენატრე, – დავუწყე მოფერება, – აქანე ვინ მოგიყვანა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი.
ჩახველების ხმა გაისმა. გავხედე, სკოლის დირექტორია, ფერი აქვს წასული. სცენაზე ბუტაფორიული ტანკი შემოვარდა და „ვასიამ“ ამოყო თავი:
– აბა, ახლა მოუსვი აქედან, ძამია, თვარა ჩემს თავზე „ატვეჩაი“ არ ვარ!
დარბაზს სიცილმა გადაუარა:
– შენ თითონ მოუსვი, რო აპარპალებ მაგ თვალებს! – შევუღრინე. სიცილი ხარხარში გადაიზარდა! „ვასია“ წინ ამეტუზა და წავჩურჩულე:
– ბიჭო, იცინის ეს ხალხი და დირექტორმა გვითხრა – უნდა იტირონო.
– არა უშავს, – დამაწყნარა, – რომ მთხლიშავ ყბაში, ისე გავიშხლართები და ვიკვნესებ – ბღავილი მორთონ.
გავუქანე და მეორე „რუსმა“ ამოყო თავი:
– ვის ურტყავ!
დარბაზი დაწვა! ერთი თვე დირექტორს ვემალებოდით…“































































