| შემოქმედის თემში, სასწავლო წლის დაწყების წინ, პირველკლასელებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ. წლევანდელი შეხვედრის ფორმატი განსხვავებული იყო, რადგან შემოქმედის თემის სამივე საჯარო სკოლის პირველკლასელები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ.
შემოქმედის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის პედაგოგმა, მანანა მექვაბიშვილმა, ბავშვებს სახალისო აქტივობები და თამაშები შესთავაზა, რაც მათ ახალ გარემოსთან შეგუებაში დაეხმარა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან ბავშვები ერთმანეთს ეცნობიან, მშობლები კი მასწავლებლებს და პროცესის მონაწილეებს. ეს ყველაფერი სასწავლო პროცესის დაწყებამდე ბარიერების დაძლევაში გვეხმარება. ძალიან ჭკვიანი და მონდომებული ბავშვები არიან. ბევრ სახალისოს და შემეცნებით გაკვეთილებს ვპირდები ჩემს პირველკლასელებს. გულს დასაწყვეტია ის, რომ ყოველ წელს პირველკლასელების რაოდენობა იკლებს და ეს ძალიან მადარდებს. “ – გვითხრა მანანა მექვაბიშვილმა, რომელიც 50 წელია პედაგოგია. ტრადიცია არც წელს დაირღვა და კომპანია „პარვუს ჯგუფმა“, რომელიც თემში ენერგეტიკულ საქმიანობას ეწევა, პირველკასელებს სასაჩუქრე ბარათები გადასცა. კომპანია „პარვუსი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შემოქმედის თემში სამი მიმართულებით მუშაობს: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პროექტები. „პირველკლასელთა და მათი ოჯახების მხარდაჭერა უკვე მეორე წელია გრძელდება. პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, მეორე მხრივ კი, ახალი თაობების რეგისტრაციის გაზრდა შემოქმედის, კვირიკეთისა და გომის საჯარო სკოლებში. წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ სამივე სკოლას და განსაკუთრებით ჩვენს პირველკლასელებს, რადგან ეს მათთვის ცხოვრების ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.“ – აღნიშნა საუბრის დროს კომპანიის სოციალური პროექტების ხელმძღვანელმა, სოფო ვასაძემ. |
Developed By Web Features 2025 © All rights reserved
































































