ბატონი ნუგზარ ჯუღელი ერთ „სპორტულ“ კურიოზს ხშირად იგონებდა.
„რიგის გუნდი უმაღლეს ლიგაში იყო გადასული. თბილისის „დინამო“ ხვდებოდა მას და იყო ერთი ციებ-ცხელება. დახურულ დარბაზში ხალხი ღელავს, გადაჭედილია ტრიბუნები.
ბოლო წამია და ინგრევა იქაურობა. რასაკვირველია, რიგელები დარწმუნებულები არიან, რომ მოიგებენ. ჩვენ ორი ქულით ვაგებთ.
ჩვენი ბიჭების ბოლო შეტევაა, წამი იწურება და შორიდან ტყორცნით არ ჩააგდო ერთ-ერთმა „დინამოელმა“ კალათში სამქულიანი ბურთი. მსაჯმაც დაუსტვინა და წესის მიხედვით, თამაში დამთავრდა.
რა დამთავრდაო? აი, მაშინ დაიწყო ბრძოლა თუ დაიწყო. წამოხტნენ რიგელების გულშემატკივრები, დალეწეს იქაურობა, თამაშის კომისარი ძირს გაიგდეს, ვის სკამი ხვდებოდა თავში და ვის ხელ-ფეხი, კაცმა არ იცის.
გავიხედე, ამ თამაშის კომისარი დაფორთხავს მოედანზე და გაფაციცებით რაღაცას ეძებს, თან ყვირის, ხალხნო თმა მომეცით, დამიბრუნეთ ჩემი თავი, რას მიშვრებით, გინდათ, ქოსა წავიდე აქედანო. ვუყურებ ამ კაცს, თავზე თმა არ აქვს, არადა, თამაშის დაწყებამდე ქოჩორი ჰქონდა. ვიფიქრე, კი მაგრამ ისე როგორ დააგლიჯეს გამწარებულმა გულშემატკივრებმა ის ჯაგარი, ერთი ღერიც რომ არ დარჩა თავზე-მეთქი.
თურმე იმ საწყალს პარიკი ეკეთა და ამ გაწევ-გამოწევაში, როდის ააგლიჯეს და სად გადააგდეს, ვერც კი გაიგო“.
ავტორი





























































