ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერი ზაალ კოკაია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას ეხმაურება და წერს, დაანონსებული რეფორმა წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან.
ზაალ კოკაიას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
„უკვე 35 წელია, რაც შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ვსაქმიანობ. დავიწყე როგორც დოქტორანტმა და დღეს ვარ ამავე უნივერსიტეტში კლინიკური კვლევების კათედრის პროფესორი. ამას იმის საილუსტრაციოდ ვწერ, რომ ზუსტად ვიცი თუ რა არის ევროპული განათლება, სამეცნიერო კვლევები და ბოლონიის პროცესი, რადგანაც ამ სისტემის ნაწილი ვარ ამდენი წელია.
„უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა საქართველოს ხელისუფლებამ, წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან. მე მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
ბოლონიის პროცესი მოითხოვს, რომ უნივერსიტეტებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი აკადემიური პროფილი და საგანმანათლებლო პროგრამები. შემოთავაზებული კონცეფციის მიხედვით კი სახელმწიფო გეგმავს დანერგოს პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, რაც ზღუდავს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიას და აკადემიური თავისუფლებას.
როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით, ასევე შეიზღუდება უნივერსიტეტების ფინანსური ავტონომია და აკადემიური დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ, ეს მიდგომა ხელისუფლებას მისცემს უნივერსიტეტებზე ზემოქმედების ბერკეტს, და სავარაუდოდ ამ ცვლილების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.
ბოლონიის პრინციპები გულისხმობს სამეცნიერო კვლევის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და აკადემიურ თავისუფლებას. კონცეფცია კი ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო მოდელით კვლევების დაფინანსების სისტემის ინტეგრირებას უნივერსიტეტებთან.
ეს უეჭველად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს, ასევე იმ კვლევებს, რომლებიც არ ჯდება სახელმწიფო პრიორიტეტების ნუსხაში.



































































