წლებია, მთავრობის მხრიდან მუდმივად კეთდება განცხადებები, რომ საქართველოში ეკონომიკის მაღალი ზრდის ტენდენციაა. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო და რომ 2025 წლის იანვარ–ივნისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.3%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9.8% იყო, აპრილსა და მაისში ზრდამ –7.5%, ხოლო ივნისში _ 6.3% შეადგინა:
“საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ის მდგრადობას ინარჩუნებს და სტაბილურად ვითარდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება 2025 წლის ივნისში დღგ–ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელში, რომელიც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6,188 ერთეული შეადგინა“.
ამ ეკონომიკური ზრდის ტენდენციების მიუხედავად, სამწუხაროდ, საქართველო იმ დონის ღარიბ ქვეყნად რჩება, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის პროდუქტებზე 5-10-თეთრიანი ფასის მატება რთულად გადასატანი ამბავია. განსაკუთრებით კი პირველადი მოხმარების ისეთ პროდუქტზე, როგორიც პურია. ფასების ზრდა განსაკუთრებით მტკივნეულად რეგიონებში მცხოვრებთა ჯიბეებზე აისახება მტკივნეულად, სადაც ისედაც არასახარბიელო სოციალური ფონია და დასაქმება წარმოადგენს უმთავრეს პრობლემას. ამასთან მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აქ ფაქტობრივად, პენსიონერები წარმოადგენენ, რომელთაც საკუთარი პენსიით დამოუკიდებლად თავის გატანა ძალიან უჭირთ.
“მარტო წამალი რომ იყიდო და გაზისა და დენის ფული გადაიხადო, ამისთვისაც არ გაგწვდება თვიდან თვემდე პენსია ხეირიანად“, _ ამბობენ პენსიონერები, რომელთა ჯიბისთვისაც აღმოჩნდა პურზე ფასის კიდევ ერთხელ გაზრდა მტკივნეულად შესამჩნევი.
ლამარა ფირცხალაიშვილი, 72 წლის: “მარტო პურზე? ყველაფერზე კატასტროფულადაა ფასები გაზრდილი. რომ იკითხო, პენსია და ხელფასი მატულობსო. კი, ბატონო, პარლამენტარებსა და მინისტრებს კი ეზრდებათ ათასობით ლარით, მარა 20-45 ლარით რომ გაზრდი პენსიას, ეგაა მომატება?! ან რა უბედურებაა 70 წელს ქვემოთ ვინცაა, მათ მხოლოდ 20 ლარით რომ უზრდიან პენსიას?”
მალხაზ ზოიძე, 69 წლის: “რომ გითხრა პურს ვერ ვყიდულობ, ისე მიჭირს მეთქი, ასე არაა, გამიმართლა და შვილები მეხმარებიან, მაგრამ ცხოვრება რომ გაძვირდა და გაძნელდა, ადამიანებს თავის გატანა უჭირთ, ამას ბევრი მტკიცება არ უნდა. როგორც მახსოვს, მარტის თვეშიც მოიმატა პურზე ფასმა, ახლაც გაძვირდა 10 თეთრით. პურზე ფასი რომ იზრდება, მერე ყველაფერიც ძვირდება“.
ნინო ჯინჭარაძე, 76 წლის: “ისეთი მოკლებული და დაპატარავებულია წონაში პური, ერთი ცალი შემოგეჭმება ადამიანს ერთ ჭამაზე. თან მარტო პური ხომ არაა, სხვა რამეც ხომ გინდა, როგორ, რანაირად, რამდენზე გამწვდება ეს ჩემი პენსია?!”
თამარ ბოლქვაძე, 67 წლის: “მხოლოდ პენსიონერის არა, ყველას ჯიბეზე აისახა ფასების ზრდა. 50 ლარს ისე დახარჯავ მაღაზიაში, როგორც არაფერი“.
ცნობისთვის, პურის მცხობელთა ასოციაცია პურის 10-თეთრიანი გაძვირების მიზეზად ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატებას ასახელებს.
“წელს ფქვილზე ძალიან მზარდი ფასებია. თუ შარშანდელ პერიოდს შევადარებთ, შარშან საშუალო ფასი 52 ლარი იყო ერთ ტომარაზე, დღეს 60 ლარია დაახლოებით. გარდა ამისა, მუშახელის ხელფასი. ადამიანები რომ ხედავენ ეკონომიკური სიკეთისკენ მიდის საქმე, მცხობელიც ითხოვს ამ ეკონომიკური სიკეთის მიღებას და გვეუბნება, მოგვიმატეთ ხელფასი, გააუმჯობესეთ სამუშაო პირობები. მთელი ისეთი პირობებია, რომელიც წარმოებას ასე ვთქვათ აძლევდა იმის საფუძველს, რომ ფასი შეეცვალათ. არის პრეცედენტები, როდესაც ფქვილის ფასი იკლებს, ფასიც დაკლებულია, ამიტომ მე მინდა მოსახლეობა ამას გაგებით შეხვდეს, იმიტომ, რომ ახლა პურის ფასი სტაბილურია საქართველოში, განსაკუთრებით მასიური ასორტიმენტი. მესმის თითოეული კაპიკი მოსახლეობისთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს გამოწვეულია იმ აუცილებლობით, რომელიც წარმოებას სჭირდება ამ პროდუქციის“- ასეთია საკითხთან დაკავშირებით ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტება, რომელიც მან BMG-სთან გააკეთა და იქვე დასძენს, რომ “პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს სხვა პროდუქტებთან შედარებით. ბოდიშს ვიხდი ასეთი შედარებისთვის, მაგრამ ერთი ბოთლი წყალი 1.8 ლარი ღირს და პური 1.2-1.3 ლარი. აქ ხუთ თეთრზე [მატებაზე] საუბარი უბრალოდ უხერხულიც არის“, _ აცხადებს პურის მცხობელთა ასოციაცია.
































































