საიას განცხადებით, მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომელიც ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, ასევე, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მზია ამაღლობელს არ უტარდება მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები. ის ამ დრომდე ვერ იღებს ექიმის სათანადო კონსულტაციას.
“მზია ამაღლობელს თავისუფლებასთან ერთად, წართმეული აქვს უფლება, ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მის დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით, სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად.
მივმართავთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით, დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.
მივმართავთ, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნევლივ წერილობით შეაფასოს სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მანდატის შესაბამისად, დაიხმაროს შესაბამისი პროფილის სამედიცინო განათლების სპეციალისტები შეფასების მოსამზადებლად”,_ აცხადებს საია.






























































