მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად შეცვალა საგარეო პოლიტიკის რიტორიკა და ანტიდასავლური პოზიციის გამოკვეთა დაიწყო. კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მთავრობის რიტორიკა კრემლის ნარატივს იმეორებს. ამასთან, კვლევის თანახმად, რუსეთი საქართველოში უცხოური გავლენის ოპერაციების მთავარ წამყვან ძალად რჩება.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული კვლევის პირველი ნაწილი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის და ჩარევის (FIMI) მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის დოკუმენტებს და ინსტიტუციონალურ მოწყობას მიმოიხილავს, მეორე ნაწილს კი უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებას და ჩარევას – FIMI და ინფორმაციულ ავტოკრატიას უთმობს; ხოლო ბოლო ნაწილი FIMI-ის და ანტიდასავლური რიტორიკის აქტორებს და მათი მოქმედების ტაქტიკის მიმოხილვას ეთმობა.
გთავაზობთ კვლევის ძირითად მიგნებებს:
ინფორმაციული ავტოკრატია
საქართველოს საინფორმაციო სივრცის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რუსეთის და ადგილობრივი სახელისუფლებო აქტორების გზავნილების ერთმანეთისგან გამიჯვნის პრობლემაა, რადგან მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს.
საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის მკვეთრი ცვლილება, განსაკუთრებით მისი ანტიდასავლური პოზიციის მკაფიოდ გამოკვეთა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკავშირდება. მანამდე მმართველი პარტია შიდა და გარე აუდიტორიებთან განსხვავებულად პოზიციონირებდა – საერთაშორისო დონეზე რუსეთს საფრთხედ წარმოაჩენდა, ხოლო ეროვნულ დონეზე მასთან გამკლავებას მინიმალური ძალისხმევით ცდილობდა.
ხელისუფლება სულ უფრო მეტად ავიწროებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს რეპრესიული კანონმდებლობით და ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მტრული რიტორიკით, რითაც დამოუკიდებელ ინსტიტუტებს წარმოაჩენს საფრთხედ, რომელსაც შეკავება სჭირდება.
სახელმწიფოს პოლიტიკა FIMI-სთან მიმართებით
FIMI-ს მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საჯარო რიტორიკასა და სამთავრობო პრაქტიკას შორის არსებული წინააღმდეგობებითა და არათანმიმდევრულობით ხასიათდება.
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების (სტრატკომის) დანაყოფები, გარე გავლენასთან ბრძოლის ნაცვლად, ძირითადად ადგილობრივ კრიტიკოსებზე, განსაკუთრებით, დამოუკიდებელ მედიაზე არიან ფოკუსირებული. დასავლეთის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებს, რომელთა მიზანიც საქართველოს საინფორმაციო მედეგობის გაძლიერებაა, პოლიტიზებული კრიტიკით ხვდებიან, რაც იმის მაჩვენებელია რომ ოფიციალური ნარატივები, პირველ რიგში, შიდა ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის გამოიყენება.
ტაქტიკები, ტექნიკები და პროცედურები (TTPs)
საქართველოს საინფორმაციო სივრცის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის უმეტესობა (623 შემთხვევა), რომელიც TTPs-ს შესაფასებლად გაანალიზდა, ქართულენოვანი წყაროებიდან მომდინარეობდა, ხოლო 199 შემთხვევაში, ადგილობრივად გავრცელებამდე, ჯერ რუსულ მედიაში გამოჩნდა.
პოლიტიკა მთავარი თემა იყო როგორც ქართულ, ასევე შერეულ ქართულ-რუსულ შინაარსში. მას მოსდევდა იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია, რომელშიც გენდერი, სექსუალობა და პირადი რეპუტაცია მანიპულაციის ინსტრუმენტებად გამოიყენებოდა.
გარე აქტორებს შორის ყველაზე ხშირი სამიზნე ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები იყვნენ, ხოლო შიდა კონტექსტში დეზინფორმაცია ძირითადად პოლიტიკურ ოპოზიციასა და საპროტესტო აქციების მონაწილეებზე იყო ფოკუსირებული.
საქართველოსა და მოლდოვაში არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ხშირად ტექნოლოგიების გამოყენებით გენერირებულ შინაარსს ემყარებოდა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ყალბ ვიზუალებსა და პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მიმართულ ყალბ სატელეფონო ზარებს.
არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციისთვის სამთავრობო მედია ავრცელებდა ნარატივებს, რომლებშიც ულტრამემარჯვენე ან რუსეთთან კავშირების მქონე „ყალბი დამკვირვებლები“ ფიგურირებდნენ.
FIMI-ის და ანტიდასავლური რიტორიკის აქტორები
რუსეთი საქართველოში უცხოური გავლენის ოპერაციების მთავარ წამყვან ძალად ისევ რჩება.
კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები, როგორებიცაა Sputnik, NewsFront და Pravda, უფრო ფართო მრავალენოვანი პროპაგანდისტული ქსელის ფარგლებში ოპერირებენ, მათ შორის ქართულენოვანი მასალებით, თუმცა ისინი ფართო აუდიტორიამდე ნაკლებად აღწევენ.
კრემლის ინტერესების გამტარებელ ადგილობრივ აქტორებს შორის არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის: „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ და „კომუნისტური პარტია“.
ამ პარტიებთან დაკავშირებული მედიები, მათ შორის „ალტ-ინფო“, „ობიექტივი“ და „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, მკაფიო კრემლისტურ სარედაქციო პოლიტიკას მისდევენ, ხოლო პარტიის წევრები ხშირად წამყვანებად ან კომენტატორებად გვევლინებიან.
საქართველოს მთავრობას საკუთარი ეკოსისტემა აქვს შექმნილი:
„ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“ და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები, როგორიცაა „ნეიტრალური საქართველო“, ანტიდასავლური რიტორიკის ძირითად წყაროებად გვევლინებიან. მათ გზავნილებს მთავრობის მიერ კონტროლირებადი გავლენიანი ტელევიზიები და სახელმწიფო კონტრაქტებით დაფინანსებული ონლაინ პლატფორმების ქსელით ავრცელებენ.
ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანონიმური სოციალური მედიის ანგარიშები ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენება და კოორდინირებულად მოქმედებს.
პარალელური ინსტიტუტები, მათ შორის მმართველი პარტიის ფაქტების გადამოწმების ფეისბუქ გვერდი და კომუნიკაციების კომისიის „მედიაკრიტიკის“ პროექტი, დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციისა და მთავრობის ინტერესების სასარგებლო ნარატივების ფორმირების ინსტრუმენტებად გამოიყენება.
საბაზისო კვლევა მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ევროკავშირის მხარდაჭერილი SAFIMI-ის პროექტის ფარგლებში მოამზადა. პროექტი Maldita.es Foundation-ის ხელმძღვანელობით ხორციელდება და მასში მედიის განვითარების ფონდთან ერთად (MDF), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia) და ტრანსატლანტიკური ფონდი (Transatlantic Foundation) არიან ჩართული. კვლევის მიზანი საქართველოში უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის და ჩარევის (FIMI) მხრივ არსებული გარემოს და იმ ფაქტორების შესწავლა იყო, რაც საზოგადოებრივ აზრზე ახდენს გავლენას. საინფორმაციო ველზე გარე ფაქტორების ზემოქმედების გარდა, კვლევაში განხილულია შიდა დეზინფორმაციული გამოწვევები და ის საფრთხეები, რაც ინფორმაციულ ავტოკრატიას უკავშირდება.






























































