სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა და ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის პრორუსული აქტივობებით ცნობილი „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და ორგანიზაცია მედია-კავშირი „ევრაზიის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე არიან.
სუს-ის ოფიციალური განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სისტემურად აწვდიდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას უცხოურ სპეცსამსახურებს და საგულისხმოა, რომ იგი ერთდროულად ორი სხვადასხვა სახელმწიფოს აგენტურასთან თანამშრომლობდა.
„დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები პერიოდულად ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ბრალდებულს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც“, — აცხადებენ სუს-ში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ჯაშუშობა), რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პირველი ბრიფინგის შემდეგ, სუს-ში მორიგი საგანგებო განცხადება გაკეთდა, სადაც ცნობილი გახდა მეორე პირის დაკავების შესახებაც.
მედიის ცნობით, პირველი დაკავებული, გულბაათ რცხილაძე, წლებია ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების გავრცელებით არის დაკავებული. სულ რამდენიმე დღის წინ, 2026 წლის 25 მაისს, მისმა „ევრაზიის ინსტიტუტმა“ და სხვა პრორუსულმა ჯგუფებმა საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ დააფუძნეს.
ამასთანავე, რცხილაძე ხელმძღვანელობდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა „საქართველოს უკვდავი ჯარი“, „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“ და „კავკასიური თანამშრომლობა“. ის წლების განმავლობაში უძღვებოდა 9 მაისის „უკვდავი ჯარის“ მსვლელობებს, რომელიც კრემლის იდეოლოგიურ იარაღად მიიჩნევა. გასულ წელს საგამომძიებლო მედია „აი ფაქტმა“ გამოჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ რცხილაძის ორგანიზაციები რუსული ფონდიდან, „პრავფონდიდან“ ფინანსდებოდა. მას ასევე მიჰყავდა გადაცემა „მსოფლიო პოლიტიკა და საქართველო“ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სუს-მა ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძეც აიყვანა. ჩიხლაძე რამდენიმე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორია. მის სახელზე ფიქსირდება მედია-კავშირი „ევრაზია“, „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტი“, „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“ და „კავკასუს პრინციპიუმი“. ჩიხლაძე ასევე არის რეგიონული მედია გამოცემა „კავკაზნიუსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც სტატიებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესახებ აქვეყნებს.



































































