საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალმა სამმართველომ ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი დანაყოფის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა საჯაროდ გავრცელებული იმ განცხადებების პროაქტიული გამოვლენა და მონიტორინგი იქნება, რომლებიც ადამიანის ღირსებას ლახავს ან შეიცავს სიძულვილის ენას. საუბარია იმ ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ნიშნებს ატარებს.
„სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებასა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. შემდგომში ეს მასალები, განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაიგზავნება. საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა ათი საშტატო ერთეულით განისაზღვრა. ისინი საქმიანობას განახორციელებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში“, — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, სანდრო ბარამიძე „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ახალი უწყების ამოქმედების რეალური მიზანი სოციალურ ქსელებში სიტყვის თავისუფლების კიდევ უფრო მეტად გაკონტროლებაა.
ბარამიძის შეფასებით, ბუნდოვანია კრიტერიუმები, თუ რას მიიჩნევს მოქმედი ხელისუფლება „სიძულვილის ენად“ და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული ახალი სანქციები.
„ზუსტი დეტალები ცნობილი არ არის. ჩვენ არ ვიცით, „ქართული ოცნება“ რას ჩათვლის ან არ ჩათვლის სიძულვილის ენად, ან ვის გამონათქვამს მიიჩნევენ ამ ნორმის დარღვევად. აქ აშკარად ორმაგი სტანდარტი იქნება — ცხადია, დიტო სამხარაძეს ან სხვა სახელისუფლებო პროპაგანდისტებს აგრესიულ გამონათქვამებზე პრეტენზიას არავინ წაუყენებს. სამაგიეროდ, ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის „ოცნების“ მხარდამჭერი ან ხელისუფლებას სხვადასხვა საკითხზე აკრიტიკებს, ადვილად დააბრალებენ სიძულვილის ენის გამოყენებას“, — აცხადებს სანდრო ბარამიძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საერთაშორისო პრაქტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სიძულვილის ენა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, არის ისეთი გამონათქვამი, რომელიც რასობრივ, რელიგიურ, ეთნიკურ, სოციალურ ან გენდერულ შეურაცხყოფას შეიცავს.
ბარამიძის ვარაუდით, ახალი სამმართველო, დიდი ალბათობით, შერჩევითი მართლმსაჯულების იარაღად იქცევა: „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ მექანიზმს და სასჯელს გამოიყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათთვის არასასურველი კონკრეტული პირების მიმართ დასჭირდებათ სამართლებრივი დევნის პროცესების წამოწყება“.
ავტორი


































































