დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდათ. სურსათის ეროვნული სააგენტო ინფექციის კერაში ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები: დაავადების კერაში გამოცხადდება კარანტინი; ჩატარდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა; დაწესდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას ქვემო ქართლის დეპარტამენტის სპეციალიტები ჩაატარებენ.































































