საქართველოს საგარეი საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.
„მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე გარემოზე; უკანონო დაკავებებზე, მკვლელობებზე, დისკრიმინაციის, გადაადგილების შეზღუდვისა და სხვა ფაქტებზე. აღინიშნა, რომ რუსეთი კვლავ ბლოკავს საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.
ლაშა დარსალიამ ისაუბრა უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცეებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნასთან, ასევე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკუთარ პოლიტიკურ, სამხედრო და სამართლებრივ სისტემაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში აღინიშნა “შეთანხმება სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ რომელსაც 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის მოეწერა ხელი და რომელიც ახდენს მოსკოვის ადმინისტრაციული კონტროლის ინსტიტუციონალიზაციას და ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული და ხაზი გაუსვა შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ურთიერთობის ხელშეწყობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საგარეო უწყების თანახმად, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც ერთადერთ ფორმატზე საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც საერთაშორისო აქტორების ჩართულობით, ხდება ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების საკითხების განხილვა.
დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისთვის, პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა.
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და თურქეთის წარმომადგენლებმა.






























































