ოზურგეთის მომსახურების ცენტრის დირექტორი ირაკლი გაბედავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ადგილას გელა ჭანუყვაძე დაინიშნა.
„გურია ნიუსი“ ირაკლი გაბედავას დაუკავშირდა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარი სთხოვა.
_ გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. მეტი რა გითხრათ, _ აღნიშნა ირაკლი გაბედავამ ჩვენთან საუბრისას.
ირაკლი გაბედავა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად პაატა კუნჭულიას მერობის პერიოდში დაინიშნა. სწორედ მაშინ გათავისუფლდა ოზურგეთის მომსახურების ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გია ანთაძე.
რაც შეეხება გელა ჭანუყვაძეს, ჩვენი ინფორმაციით, მას ახლო ურთიერთობა აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან.
ასევე აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გელა ჭანუყვაძეს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ოზურგეთის სამხედრო გაწვევის სამსახურსაც ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მერიაში მასშტაბური რეორგანიზაცია განხორციელდა, რასაც თანამშრომლების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ამჟამად მერიაში განიხილავენ რეორგანიზაციის პროცესის თავიდან ჩატარების საკითხსაც.


































































