რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე რვა კი დაშავდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დნეპროვსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები კერძო სახლების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ერთ-ერთი შენობა ნაწილობრივ დაინგრა. თავდაპირველად არსებობდა ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები ყოფილიყვნენ მოყოლილი.
პოდილსკის რაიონში ნამსხვრევები სამედიცინო დაწესებულების მახლობლად მდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
დაზიანდა იქვე მდებარე სამშობიაროც _ ჩამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია შენობის ფასადის ნაწილი. წინასწარი ინფორმაციით, სამშობიაროს პაციენტებსა და პერსონალს შორის დაშავებულები არ არიან. ასევე დაზიანდა კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სოლომიანსკის რაიონში ნაწილობრივ განადგურდა სასაწყობე შენობები და ხანძარი გაჩნდა. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დარტყმის შედეგები კიევის სხვა რაიონებშიც დაფიქსირდა. საგანგებო სამსახურები შემთხვევის ადგილებზე მუშაობენ.



































































