საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს.
პაპუაშვილის განცხადება გორში დაგეგმილი „კამარა ფესტივალის“ გადადებასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
„ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ქართველ ხალხს?!“ _ განაცხადა პაპუაშვილმა ჰერჩინსკიზე საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის დამოკიდებულება მისთვის მიუღებელია. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მხრიდან მუსიკოს KORDZ-ისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიების მხარდაჭერა შეურაცხმყოფელი გამონათქვამების წახალისებას ნიშნავს.
26 სექტემბერს გორში დაგეგმილი „კამარა ფესტივალი“ გადაიდო. ორგანიზატორმა _ დანიის კულტურის ინსტიტუტმა _ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მოსაზრებები დაასახელა. ფესტივალის ფარგლებში მუსიკოს KORDZ-ის კონცერტიც იყო დაგეგმილი.
თავად KORDZ-მა განაცხადა, რომ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია არ არსებობდა და ეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სახელისუფლებო მედიის მხრიდან მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირა.

































































