უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საერთაშორისო საკონსულტაციო-საკოორდინაციო ფორმატის „ყირიმის პლატფორმის“ პირველ საპარლამენტო სამიტზე ახალი ინიციატივა დააყენა. ის, საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს, „ყირიმის პლატფორმა“ გახდეს საწყისი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვა რეგიონების დეოკუპაციას, რომლებიც გარკვეული დროის წინ დაიპყრეს – ეს ეხება დნესტრისპირეთსა და აფხაზეთს, ასევე, უკრაინის სამხრეთის ტერიტორიებს.
პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა გამოეხმაურა.
არძინბამ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ ყირიმის პლატფორმის ფორუმის ფორმატი აფხაზეთზეც უნდა გავრცელდეს, პროვოკაციას უწოდებს.
„ვლადიმერ ზელენსკიმ ე.წ. ყირიმის პლატფორმის ფორუმის მონაწილეებთან საუბრისას, რომელიც შეიქმნა უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ყირიმზე პრეტენზიების ხელშეწყობისთვის, გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ფორმატი უნდა გავრცელდეს აფხაზეთზეც. უკრაინის პრეზიდენტი კვლავ ისტორიის ცუდად ცოდნის დემონსტრირებას ახდენს და აშკარა პროვოკაციებით არის დაკავებული“, – განაცხადა არძინბამ.
დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აფხაზეთის ხალხი იარაღით ხელში იცავდა უფლებას აეშენებინათ საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო და ნებისმიერი ფორმატი, რომელიც აფხაზეთის სუვერენული სტატუსის შეცვლას გულისხმობს, “აბსოლუტურად უპერსპექტივოა”.
,,აფხაზეთის რესპუბლიკა მტკიცედ აპირებს საკუთარი სახელმწიფოებრიობის განვითარებას და განმტკიცებას ყოველგვარი პროვოკაციის მიუხედავად“, _ აღნიშნა არძინბამ.
„ყირიმის პლატფორმა“ არის უკრაინის ხელისუფლების დიპლომატიური ინიციატივა, რომელიც განხორციელდა ნახევარკუნძულზე კიევის კონტროლის აღდგენის მიზნით.
საერთაშორისო „ყირიმის პლატფორმის“ პირველი საპარლამენტო სამიტი ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში 24-25 ოქტომბერს გაიმართა.
ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა, პარლამენტთა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეების 55 წარმომადგენელი, ასევე, 200-ზე მეტი აკრედიტებული ჟურნალისტი.
ავტორი