ბუკნარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს ესაუბრა.
კითხვებზე _ გეგმავს თუ არა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას და როგორ აპირებს პრობლემის მოგვარებას, ვასილ ჩიგოგიძე გვპასუხობს, რომ გურიაში არ იმყოფებოდა და ვითარებაში გასარკვევად ჩამოვიდა.
„სპეციალურად ჩამოვედი ვითარებაში გასარკვევად, რომ შევხვდე სოფლის მოსახლეობის ორივე მხარეს. ჩართულები არიან მერი, ხელისუფლება და ცდილობენ, სიტუაცია განმუხტონ. მე, როგორც ვიცი, სიტუაცია განმუხტულია, მაგრამ რაღაც მოთხოვნები აქვთ. არ ვიცი, ერთმანეთის თვალში ან მინუსს იწერენ ან პლიუსს, მაგრამ ახალი ჩამოსული ვარ და ეს სიტუაცია ვერ გავარკვიე ჯერ. ამ საქმეს მივხედავთ ბოლომდე და არ დავტოვებთ გაურკვევლად.
აბსურდია, რომ მათ მიიღეს დაპირება მეჩეთის აშენების შესახებ. არავის მოუთხოვია მეჩეთის აშენება. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მაგ ხალხმა იყიდა სახლი და ითხოვეს, რომ იმ სახლში ელოცათ. მეჩეთზე საუბარი არ ყოფილა. საიდან მოდის ეგ ჭორები, არ ვიცი“,_ ამბობს ჩიგოგიძე.
“მერი ელაპარაკა, ელაპარაკა გუბერნატორი და სხვა ვინ უნდა ელაპარაკოს? ის ახალგაზრდები, რომლებიც ამის შესახებ აკეთებენ განცხადებებს, ჩამოსულები არიან და მე არ ვიცი, ვინ არიან. ველოდებით, რომ შევხვდეთ მუფთს, რომელიც ახლა ჩოხატაურშია და მათ ხვდება. ამის მერე გადავწყვეტთ“, _ გვითხრა ვასილ ჩიგოგიძემ.