აჭარის მთავრობამ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შემქნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ შექმნილი შეფერხებები თურექეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული.
“თურქეთის მხარეს საბაჟოს სარემონტო სამუშაოები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გახდა მიზეზი მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ხდება შაბათ-კვირის დღეებში. თურქეთის მხარეს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამის შესახებ არაერთხელ იქნა აღნიშნული მასმედიის სხვადასხვა საშუალებით. რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს არსებულ ვითარებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან”,- ნათქვამია განცხადებაში.
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეფერხება 29 აპრილიდანაა. მოქალაქეები რიგებსა და თურქი მებაჟეების მხრიდან უხეშ დამოკიდებლებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, საბაჟოზე რამდენიმესაათიანი ლოდინი უწევთ. მათივე თქმით, ასევე ხშირია საზღვრის ჩაკეტვის შემთხვევა.