ქალაქ ბათუმში, შედგა იმ მაშველების დაჯილდოება, რომლებმაც წყალზე სამაშველო ღონისძიებებში განსაკუთრებული სიმამაცით გამოიჩინეს თავი. გურიიდან სპეციალური სიგელი და ჯილდო გურიის საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველს, ნოდარ კალანდაძეს გადასცეს.
ღონისძიებაზე ითქვა, რომ წელს, წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა, რომლებმაც, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის, 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. გარდა ამისა, მათ სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს.
“საგანგებო სიცუაციების მართვის სამსახურში 5 წელია ვმუშაობ. კერძოდ, გურიაში, ურეკის სანაპირო ზოლზე. წლევანდელ სეზონზე 40-ამდე ადამიანი მყავს გადარჩენილი, რისთვისაც, ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს თანამშრომლებს. ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩემთვის აღმატებული გრძნობაა“, _ თქვა დაჯილდოვების ცერემონიაზე ნოდარ კალანდაძემ.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბათუმში სეზონური მაშველები სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონებიდან შეიკრიბნენ. თითოეულ მათგანს წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მადლობის სიგელი გადაეცა, გადარჩენილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით გამორჩეულმა მაშველებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.