გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ 48 წლის შოთა ქარუმიძის ადვოკატის, ალექსანდრე ამირხანაშვილის განცხადებით, დაკავებული ბრალს აღიარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აღნიშნავს, ქარუმიძეს გამოძიებისთვის ინფორმაცია როგორც მოწმეს აქვს მიწოდებული.
კითხვაზე – როგორც საგამოძიებო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაუკავშირდა თუ არა ბრალდებულს ბაჩიაშვილია მამა? – ადვოკატი პასუხობს, რომ „ქარუმიძე ეჭვობს, რომ პირი, რომელიც მას ესაუბრა, ბაჩიაშვილის მამა იყო“.
„გუშინ წაუყენეს ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებაზე. ის დაეთანხმა ბრალს, აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. ინფორმაცია მიწოდებული აქვს მოწმის სახით, როგორც ბრალდებულს ინფორმაცია არ მიუწოდებია, უბრალოდ დაეთანხმა ბრალს“,- განაცხადა ამირხანაშვილმა.
მისივე თქმით, ბრალდებულს ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი არ უნახავს, მას მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა.
„ამ დეტალებზე არ მისაუბრია, ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, რაც მოვასწარი მასთან საუბარი, იმის მიხედვით, ის ეჭვობს, რომ მას ბაჩიაშვილის მამა ესაუბრა, თუმცა, ის თვალით არ უნახავს, უშუალოდ ბაჩიაშვილს შეხვდა, სხვას არავის“,- განაცხადა ამირხანაშვილმა.
ის სასამართლოს ქარუმიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას შესთავაზებს.
ცნობისთვის, შოთა ქარუმიძემ მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.
„დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.