ჩოხატაურში ინფიცირების შემთხვევები მატულობს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა. ჯიბუტის ინფორმაციით, გასულ 24 საათში ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
“აღინიშნება შემთხვევების მატება. მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა ხიდისთავში, ჯვარცხმაში, სურების მიმართულებით, ვან-ზომლეთში, დაბის ტერიტორიაზე. ბახმაროშიც ვაკეთებთ ტესტირებებს და იქაც დაფიქსირებულია ინფიცირების შემთხვევები. მოგვამართავენ მოქალაქეები, რომლებიც არ არიან ჩოხატაურის მაცხოვრებლები, მაგრამ არდადეგების პერიოდში იმყოფებიან ჩოხატაურის ტერიტორიაზე”,_ ამბობს ჯიბუტი.
ამ დროისთვის ჩოხატაურში აქტიურია ინფიცირების 148 შემთხვევა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი დაფიქსირებულია ინფიცირების 8 447 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8231 პაციენტი, გარდაცვლილია 68.