დიდთოვლობის შემდეგ, ცოტა გამოიდარა, თუმცა გურიაში ისევ თოვლს ელოდებიან.
ოზურგეთის ბაზარში, თოვლის მაღალი საფარის გაწმენდა კარგად ვერ მოხერხდა და როგორც აქ მომუშავეები და საბაზროდ გამოსული მოქალაქეები ამბობენ, „წამოყუდებული თოვლის გროვების გორებს შორის,“ ლამის, გაძვრომას ცდილობენ.
–დღეში ცხრაჯერ ჩამოივლიან ფულის ასაკრებად. ამ გორების წასაღებადაც ჩამოიარონ და გაიტანონ. ჩვენ მეტი ვერ ვქენით, _ ამბობენ ბაზარში მომუშავეები.
„შეხედე, აგი ბახმაროა, იგი გომისმთა და ვართ ასე. ისე კარგია, ბაკურიანში დოლარებს იხდიან თოვლში და ჩვენ აგერ კი გვაქვს მუქთად“-ირონიულადაც საუბრობენ თოვლის გროვებზე დახლებთან მდგომნი.
ბაზრის დირექციაში „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ თავადაც ნიჩბებით ხელში მონაწილეობდნენ ბაზრის შიდა პერიმეტრის გასასუფთავებლად.
_ნალექი ბევრი იყო. ყველა ღონე ვიხმარეთ და რაც მოვახერხეთ, გავაკეთეთ, _თქვეს დირექციაში.
[sexy_author_bio]